"მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძვით"

"მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძვით"
10/07/2017

"მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძვით"

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდმა, საქართველოს 19 წლამდე ლიგის პირველი წრე პირველ პოზიციაზე დაასრულა.

 

გარდა ამ ჩემპიონატისა, გიორგი მინაშვილის გუნდი, იგივე შემადგენლობით საქართველოს რეგიონული ლიგის გათამაშებაშიც იღებს მონაწილეობას, სადაც პირველი წრე მესამე პოზიციაზე დაასრულა.

 

ორივე გუნდი, აკადემიის 19 წლამდე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული თორნიკე მუზაშვილია. 18 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 12 გოლი გიატანა.

 

მუზაშვილმა ლოკომოტივის ვებგვერდთან პირველი წრე შეაფასა და საკუთარი თამაშის შესახებაც ისაუბრა.

 

- 19 წლამდე ლიგაში პირველი წრე პირველ პოზიციაზე, ხოლო რეგიონულ ლიგაში მესამე ადგილზე დაასრულეთ. როგორ შეაფასებდი სეზონის პირველ ნახევარს?


- რეგიონულ ლიგაში დაკავებული მესამე ადგილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ 19 წლამდე ლიგაშიც ვიღებთ მონაწილეობას, სადაც ლიდერები ვართ.

 

ორივე ტურნირში მონაწილეობა დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და ენერგიას მოითხოვს. ამის გამო რამდენიმე თამაში ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი წინ არის და მჯერა, ორივე ჩემპიონატში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

 

- ორ ჩემპიონატში თამაშს, სირთულესთან ერთად, ალბათ დადებითი ეფექტიც აქვს. მეტი პრაქტიკა გაქვთ და შანსი გეძლევათ, შესაძლებლობები სხვადასხვა დონეზე დაამტკიცოთ. გეხმარებათ პროგრესში, კვირაში 2-3 მატჩის ჩატარება?

 

ორ ჩემპიონატში ერთიდაიმავე შემადგენლობით თამაში რთულია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ძლიერი სათადარიგო სკამი გვაქვს და მუდმივად ხდება შემადგენლობის როტაცია. საკმაოდ ამბიციური მწვრთნელი გვყავს და შემადგენლობაც ასეთი ვართ, მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძვით.

 

გუნდის ყველა წევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ, ძალები აღვიდგონოთ და ყოველი თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.

 

პროგრესს რაც შეეხება, პრაქტიკის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია, ჩვენ კი პრაქტიკის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს და ვფიქრობ, ასეთი რეჟიმი გუნდის თითოეულ წევრზე დადებითად იმოქმედებს.

 

- 19 წლამდე და რეგიონული ლიგების დონეებს შორის, დიდი სხვაობაა?

 

- 19 წლამდე ლიგაში ძირითადად კლუბების აკადემიები იღებენ მონაწილეობას და აქცენტი სწორედ მათ სათამაშო პრაქტიკაზე კეთდება, რეგიონულ ლიგაში კი ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც ეროვნულ და მეორე ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ. ცხადია მათთან თამაში ბევრად უფრო რთულია, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით რეგიონულ ლიგაში თამაში ბევრად უკეთესია.

 

თუ 19 წლამდე ლიგაში, შესაძლებელია რომელიმე გუნდთან მარტივი თამაში გქონდეს, რეგიონულ ლიგაში ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. მოგვიგია დიდი ანგარიშითაც, მაგრამ დიდი ძალისხმევის ხარჯზე.

 

- გიორგი მინაშვილთან მუშაობა და ურთიერთობა როგორია. ვარჯიშებსა და თამაშებზე საკმაოდ ემოციურია. რა გამოარჩევს მას სხვა მწვრთნელებისგან, ვისთანაც აქამდე გიმუშავია?

 

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. ემოციურთან ერთად, საინტერესო ადამიანია და ცდილობს გუნდი მუდმივად ბრძოლისთვის განაწყოს. ფეხბურთელების მოტივირება მისი ძლიერი მხარეა. მომთხოვნი და ამბიციური მწვრთნელია და ეს ჩვენი გუნდის შედეგებზეც აისახება.

 

- პირველ წრეში 12 გოლის გატანა მოახერხე. საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხარ?

 

პირველი წრე ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ისევე როგორც მთლიანად სეზონი. გოლები კარგია, მაგრამ რაც მთავარია საკუთარ თამაშში პროგრესს ვხედავ და ეს მახარებს.

 

- 28 მაისს, შენი დებიუტი ლოკომოტივის მთავარ გუნდსა და შესაბამისად ეროვნულ ლიგაშიც შედგა. ელოდი განაცხადში მოხვედრას?

 

განაცხადში მოხვედრა მოულოდნელი იყო, მაგრამ სწორედ იმისთვის ვშრომობ რომ ეროვნულ ლიგაში თამაშის შანსი მივიღო.

 

18 კაციან შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ, საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად იმისთვისაც ვამზადებდი, რომ შეიძლებოდა მწვრთნელს მოედანზე შევეყვანე.

 

შუქურასთან 20 წუთზე მეტი ვითამაშე და ამისთვის მინდა გიორგი დევდარიანს მადლობა გადავუხადო. საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი იყო, მთავარ გუნდში დებიუტი.

more news