ეროვნული ლიგა - ფრე საჩხერის ჩიხურასთან

ეროვნული ლიგა - ფრე საჩხერის ჩიხურასთან
31/03/2018

ეროვნული ლიგა - ფრე საჩხერის ჩიხურასთან

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა პირველი ქულა მოიპოვა. 31 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, საჩხერის ჩიხურასთან დაპირისპირება, ლოკომ 1:1 დაასრულა.

ლაშა ჭაღიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. შეუცვლელად ითამაშა ლოკოს ახალწვეულმა დაჩი ცნობილაძემ, რომელიც დაცვის ცენტრში, ნიკა ჭანტურიასთან ერთად მოქმედებდა.

ტრავმირებული დავით უბილავა, ირაკლი კომახიძემ ჩაანაცვლა, დავით სამურკასოვის ადგილი კი თეიმურაზ ღონღაძემ დაიკავა.

განაცხადში პირველად მოხვდა რომან ჭანტურია, რომელმაც ტრავმის შემდეგ ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 22 წლის ფორვარდმა ჩიხურასთან დაახლოებით 25 წუთი ითამაშა.

მატჩის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. გუნდები ძირითადად ტერიტორიული უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. მხოლოდ პირველ ტაიმში, მატჩის არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა, ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა.

უხეშობისთვის, 24-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ლოკოს მცველი, გიორგი გაბაძე გააძევა. ჩვენი გუნდის 27-ე ნომერმა, ერთი წუთის ინტერვალში, ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

მიუხედავად ამისა, ანგარიში ლოკომოტივმა გახსნა. 31-ე წუთზე, ჩიხურას კარი ვატო არველაძემ აიღო.

მეორე ნახევარში სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, გატანა შოთა კაშიასა და ბაქარ მირცხულავას შეეძლოთ, მათი დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა.

62-ე წუთზე, ვატო არველაძე უჩა ლობჟანიძემ შეცვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

მალევე, ლაშა ჭაღიაშვილმა, ზურიკო დავითაშვილისა და მამია გავაშელიშვილის ნაცვლად, მოედანზე რომან ჭანტურია და დავით ჯიქია შეიყვანა.

მე-80 წუთზე, სტუმრებმა ანაგარიში გაათანაბრეს. გოლი დემიკო ჩიხლაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 4 აპრილს, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, კომახიძე, ცნობილაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), გაბაძე, ღონღაძე, გვალია, შონია, დავითაშვილი (რ.ჭანტურია 67), არველაძე (ლობჟანიძე 62), გავაშელიშვილი (ჯიქია 79)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გაბაძე (23,24), ღონღაძე (41), არველაძე (59), თევდორაძე (71)

გაძევება: გაბაძე (24)

არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი

more news