''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''

''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''
19/04/2017

''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''

ოთხი თვეა, რაც ნოდარ ქავთარაძე თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. 24 წლის ნახევარმცველი, ჩვენს გუნდში 2017 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

 

ქავთარაძეს კარიერა რუსეთში აქვს გატარებული და სხვადასხვა დროს რანგით მეორე და მესამე დივიზიონში თამაშობდა. ის მოსკოვის ლოკომოტივის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. შემდეგ იყო, ტუმენი, ტვერის ვოლგა და მაიკოპის დრუჟბა.

 

ქავთარაძე სოხუმში დაიბადა, საიდანაც ოჯახთან ერთად, თბილისში გადავიდა და 6 წლამდე საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდა. შემდეგ იყო მოსკოვი, სადაც 16 წელი გაატარა.

 

ლოკომოტივის ვებგვერდთან ინტერვიუში, ქავთარაძე გუნდში არსებულ გარემოზე, რუსეთში გატარებულ პერიოდზე, ეროვნული ლიგის დონეზე, საქართველოში ცხოვრებისა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.

 

თითქმის ოთხი თვე გავიდა, რაც თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი ხარ. როგორ შეეწყვე გუნდს და გარემოს?

პირველივე დღიდან, ბიჭებმა მაგრძნობინეს რომ ლოკომოტივის სრულფასოვანი წევრი ვარ. ყველა თბილად დამხვდა და ამ პერიოდში უკვე მათთან ახლო ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა.

 

ჩემპიონატთან შესაგუებლად კი, საწყისი ტურები საკმარისი აღმოჩნდა. საქართველოში პირველად ვთამაშობ და ყველა დეტალი მაინტერესებს, რომელი გუნდი უფრო ძლიერია, როგორ იქცევიან ფანები ტრიბუნაზე და ა.შ

როგორი მოლოდინი გქონდა საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, უფრო ძლიერ ლიგას ელოდი თუ პირიქით?

ჩამოსვლამდე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში კარგი და ამასთანავე რთული ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი საპირისპიროს მეუბნებოდა.

 

რაც ვნახე და ვითამაშე, დაძაბული და რთული ჩემპიონატია. არავინ იცის, რომელი გუნდი, რომელს მოუგებს. ჩემპიონატის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ასეთ დაძაბულ მატჩებში, გადამწყვეტი სტაბილურობა იქნებოდა და ახლაც იგივე აზრზე ვარ. ვინც სტაბილურად ითამაშებს, ჩემპიონიც ის გახდება.

 

რას მიიჩნევ ჩემპიონატის მთავარ მინუსად?

ინფრასტრუქტურას. საქართველოს ჩემპიონატში ეს მთავარი პრობლემაა. რუსეთშიც ხშირად მითამაშია ხელოვნურსაფარიან მოედნებზე. ეს ბუნებრივიცაა, ყველგან ერთნაირი პირობები ვერ დაგხვდება.

 

ფეხბურთელისთვის მთავარი კარგი ბაზა და მოედანია. როდესაც სტადიონს, ბაზას და გასახდელს ცუდ მდგომარეობაში ხედავ, ეს ხასიათსა და მოტივაციას გიფუჭებს. როგორც ვიცი, შენდება სტადიონები ბათუმსა და ზუგდიდში, ასევე აპირებენ ახალი სტადიონის აშენებას სამტრედიაშიც. ამ ქალაქებში, აუცილებლად უნდა იყოს მაღალი დონის ინფრასტრუქტურა.

 

ლოკომოტივში ამ მხრივაც ყველაფერი მომწონს. კლუბს მშვენიერი ბაზა და ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ამასთანავე, გუნდის და სტაფის ყველა წევრი ცდილობს რომ ფეხბურთელებმა პროგრესს მიაღწიონ. განვითარებისთვის აქ შესანიშნავი გარემოა.

 

რუსეთში, რანგით მეორე და მესამე დივიზიონებში თამაშობდი. როგორ ფიქრობ, რა გამოარჩევს ქართველ ფეხბურთელებს რუსებისგან?

ამ მოკლე პერიოდში რაც ვნახე, საკმარისია იმის სათქმელად, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან. რომ ვუყურებ 18-19 წლის ფეხბურთელებს, ზოგჯერ მიკვირს, როგორ არიან ასეთი ტექნიკურები.

 

მაგრამ, სამწუხაროდ მხოლოდ ნიჭით მაღალ მიზნებს ვერ მიაღწევ. შრომაში, იგივე რუს ფეხბურთელებს ბევრად ჩამოუვარდებით და ამ ნაკლს თუ გამოვასწორებთ, ბევრად მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

 

რა არის ყველაზე მთავარი, რაც რუსეთის ჩემპიონატებში თამაშმა მოგცა?

პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მოსკოვის ლოკომოტივთან გავაფორმე და მეორე გუნდში ვთამაშობდი. სულ, რუსეთში 5 წლის მანძილზე ვითამაშე, როგორც პირველ, ისე მეორე დივიზიონში.

 

იქ გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა, მთავარი ალბათ შრომა და დისციპლინაა, რომლის გარეშე, მაღალ დონეზე თამაში გამორიცხულია. ამ ყველაფერს დამატებული სისწრაფე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პლიუსია. ეს თვისებები სწორედ რუსეთში შევიძინე.

 

რას იტყვი მთავარ მწვრთნელზე, ადვილად შეეჩვიე მის მოთხოვნებს?

გიორგი დევდარიანის შესახებ ინფორმაცია რუსეთში თამაშის დროსაც მქონდა. ვიცოდი, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი იყო და ამ გუნდებთან ერთად კარგ შედეგს მიაღწია. ასევე, ვიცოდი ისიც რომ გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და კიდევ ბევრი ფეხბურთელი მის ხელში გაიზარდა.

 

 ეს ყველაფერი ბევრს მეტყველებს მასზე და კარგია, რომ  დევდარიანთან მუშაობის საშუალება მაქვს.

 სასიამოვნოა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც აქცენტს  ბურთის კონტროლსა და შეტევაზე აკეთებს.

 რაც მთავარია, მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ.  ფეხბურთელისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

 

 მოსკოვში 16 წელი ცხოვრობდი. გაგიჭირდა  თბილისთან შეგუება?

 

 აქ ყველაფერი მომწონს. ძალიან ბედნიერი ვარ  თბილისში ყოფნით და ცხოვრებით. ამინდი, ხალხი,  გარემო, ყველაფერი სასიამოვნოა.

 

მოსკოვში 16 წელი ვცხვორობდი და არ იყო ადვილი სხვა ქალაქში გადასვლა, თუმცა დეპრესია არ მაქვს, პირიქით, აქ ყველაფერი შესანიშნავადაა.

 

ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ, მაგრამ თბილისში მყავს ნათესავები და ახლობლები, რომელთაც ხშირად ვნახულობ და ვცდილობ მათთან ბევრი დრო გავატარო.

 

რუსეთის პრემიერლიგასა და პირველ დივიზიონში, არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თუ გქონდა მათთან კონტაქტი და ვისთან გაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა?

ყველაზე ახლოს გიორგი ჯიქიასთან ვიყავი, რომელიც ახლა მოსკოვის სპარტაკში თამაშობს. დღემდე მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთს მუდმივად ვეკონტაქტებით, კარგ თამაშს და გამარჯვებას ვულოცავთ.

 

გიორგი უკვე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ამ ყველაფერს თავის შრომით მიაღწია. საკმაოდ კარგი იუმორი აქვს, ძალიან პოზიტიური ადამიანია და ფეხბურთელისთვის რაც ყველაზე მთავარია, თავდაჯერებულია.

 

თავად კი ამბობს, რომ ფეხბურთელი არ შემხვდა ვინც მომატყუაო, მაგრამ იცის, რომ ერთი ასეთი არსებობს, ვინც ხშირად ატყუებდა. ერთად ხშირად ვთამაშობდით და სისწრაფეში ყოველთვის ვჩაგრავდი.

 

 

more news