ლოკომოტივი VS საბურთალო - თბილისური დერბი ფრედ დასრულდა

ლოკომოტივი VS საბურთალო - თბილისური დერბი ფრედ დასრულდა
19/10/2017

ლოკომოტივი VS საბურთალო - თბილისური დერბი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი საბურთალოს დაუპირისპირდა. 19 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

დინამო თბილისთან მატჩის შემდეგ, გიორგი დევდარიანმა, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. დისკვალიფიკაციის გამო, თბილისური დერბი დავით სამურკასოვმა და გეგა დიასამიძემ გამოტოვეს.

ტრავმა აქვს თეიმურაზ ღონღაძესაც. ლუკა კიკაბიძეს და გიორგი გოროზიას კი მიკრო ტრავმები აწუხებთ. გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებენ მამია გავაშელიშვილი და ირაკლი კომახიძეც.

სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ბექა ქურდაძემ. დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი გიორგი გაბაძემ ღონღაძე შეცვალა. დისკვალიფიცირებული სამურკასოვისა და დიასამიძის ადგილი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა და ნიკა ჭანტურიამ დაიკავეს.


#SayNoToRacizm - თბილისის ლოკომოტივი რასიზმის წინააღმდეგ.

საბურთალოსთან მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. მე-11 წუთზე, ლაშა გვალიას ანგარიშის გახსნა შეეძლო. ლოკოს ნახევარმცველის შორეული დარტყმა ლაზარე კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია.

მომდევნო ეპიზოდში, ვატო არველაძის წინააღმდეგ საბურთალოს მცველმა თამაშის წესი დაარღვია, მატჩის არბიტრმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 24-ე გოლი გაიტანა.

34-ე წუთზე, ლოკომოტივმს მეორე გოლის გატანა შეეძლო. გიორგი რეხვიაშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მყოფ მამუკა კობახიძეს ბურთი კარგ პოზიციაში მიუვიდა, თუმცა მისი დარტყმა ძელს მოხვდა. სტუმრება წონასწორობა 41-ე წუთზე აღადგინეს. ბექა ქურდაძის კარი ლაშა შინდაგორიძემ აიღო.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისური დერბი ფრედ დასრულდა. ლოკომოტივს 30 ტურის შემდეგ, 49 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკო სტუმრად ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ, 23 ოქტომბერს გამართავს. დისკვალიფიკაციის გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ლოკომოტივი: ქურდაძე, გაბაძე (ჩიტეიშვილი 71), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), გვალია, ანდრონიკაშვილი (ვარძელაშვილი 79), ქავთარაძე, არველაძე (გაბრიჩიძე 60), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ქავთარაძე (69), ჭანტურია (90)

არბიტრი: ბ.ნინუა

more news