მამუკა კობახიძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

მამუკა კობახიძე ლოკომოტივის ფეხბურთელია
04/08/2017

მამუკა კობახიძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

მამუკა კობახიძე კარიერას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. 24 წლის მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის იანვრამდე გააფორმა. თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

 

კობახიძემ გასული სეზონი განათხოვრების წესით, რუსეთის პირველ დივიზიონში, ნეფტეხიმიკში გაატარა. ცენტრალურმა მცველმა 2016/2017 წლების სეზონში 21 მატჩი ჩაატარა.

 

პროფესიონალურ დონეზე მისი კარიერა ზესტაფონში დაიწყო, სადაც 2009/2013 წლებში თამაშობდა. იმერული კლუბის მაისურით, კობახიძემ 70 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონი მან განათხოვრების წესით, ვლადიკავკაზის ალანიაში გაატარა.

 

2013 წელს კობახიძე გორის დილაში გადავიდა, სადაც ლოკომოტივის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

 

დილამ, მაშინ უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ითამაშა და პლეი-ოფამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში ვენის რაპიდთან დამარცხდა. მამუკამ, საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსივე (ოლბორგთან, ჰაიდუკთან და რაპიდთან) მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.


კობახიძე ყაზანის რუბინის შემადგენლობაში, სანქტ-პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ. 

2014 წელს იგი რუსეთის პრემიერლიგაში, ყაზანის რუბინში ჩაირიცხა, სადაც 4 მატჩი ჩაატარა. მომდევნო სეზონში იგი მორდოვიაში გაანათხოვრეს.

 

კობახიძეს საქართველოს 16, 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებში, ჯამში 28 მატჩი აქვს ჩატარებული. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, იგი რამდენჯერმე მოხვდა ეროვნული ნაკრების განაცხადში, თუმცა თამაშის შანსი არ მისცემია.

 

24 წლის მცველი, ლოკომოტივში 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

more news