მარცხი ბოლნისის სიონთან

მარცხი ბოლნისის სიონთან
14/04/2018

მარცხი ბოლნისის სიონთან

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ბოლნისის სიონთან დამარცდა. 14 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი, სტუმრებმა 1-2 მოიგეს.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში 35-ე წუთზე ბოლნისის სიონმა გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან, ლაშა მანაგაძის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში რევაზ თევდორაძემ და ნიკა ჭანტურიამ შეუთანხმებლად იმოქმედეს, რასაც ლოკომოტივის კაპიტნის ავტოგოლი მოჰყვა.

სტუმრებმა, მეორე გოლი 44-ე წუთზე გაიტანეს. მარცხენა ფლანგიდან, ბოლნისელთა იერიში ზვიად სიხაულიამ განავითარა, რომელმაც საჯარიმოში ჯაბა დვალი მოძებნა და ამ უკანასკნელმა შეტევა ზუსტად დაასრულა.

ლოკომოტივმა საპასუხო გოლის გატანა ერთ წუთში მოახერხა. მამია გავაშელიშვილმა ვატო არველაძის პასი გამოიყენა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანგარიში აღარ შეცვლილა. გატანის შანსი არველაძეს, დავით სამურკასოვს, ლაშა გვალიასა და გავაშელიშვილს ჰქონდა, თუმცა ოთხივე მათგანის დარტმა არაზუსტი აღმოჩნდა.

84-ე წუთზე, ლოკომოტივი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ირაკლი კომახიძემ ტრავმის გამო, მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ამ დროისთვის კი ლოკოს მთავარ მწვრთნელს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა.

6 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 4 ქულით მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 20 აპრილს, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, კომახიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), ლობჟანიძე, ღონღაძე, გვალია (ჯიქია 82), სამურკასოვი (კიკაბიძე 74), შონია, ცნობილაძე (რ.ჭანტურია 67), არველაძე, გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ღონღაძე (43), ცნობილაძე (55), ლობჟანიძე (90+1)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

more news