ლოკომოტივი ახალ სეზონს იწყებს
ლოკომოტივი ახალ სეზონს იწყებს
ლოკომოტივი 2026 წლის სეზონს განახლებული შემადგენლობით, გაზრდილი მოტივაციითა და მიზნებით ხვდება. კლუბში აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, აკადემიის ფეხბურთელების დაწინაურებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ღირსეულად წარსდგება როგორც ლიგა 3-ში, ისე თასის გათამაშებაში.
მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს გაგი გოგიტიძე დაიკავებს. გაგი გოგიტიძემ სამწვრთნელო კარიერა ქობულეთის შუქურას ასაკობრივ და დუბლ შემადგენლობებში დაიწყო. მოგვიანებით მუშაობდა დინამოს U19 გუნდის მთავარ მწვრთნელად, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ახალგაზრდულ ფეხბურთში.
2025 წლის ზაფხულიდან ის ლოკომოტივის აკადემიის U17 გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში.
გაგი გოგიტიძე ფლობს UEFA A ლიცენზიას და ახალი სეზონიდან პირველ გუნდს უხელმძღვანელებს.
გაგიმ სეზონის დაწყების წინ ისაუბრა გუნდში არსებულ განწყობაზე, მოსამზადებელ პერიოდზე და სხვა საკითხებზე. გაგაცნობთ მის კომენტარებს -
განწყობა გუნდში:
„ძალიან კარგი განწყობაა — იგრძნობა ერთსულოვნება, მონდომება და გააზრება იმისა, თუ რა მისიის წინაშე ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ორმაგი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს თითოეული ფეხბურთელი და სტაფის წევრი.“
მოსამზადებელი პერიოდი:
„ვარჯიშები 28 იანვარს, არასრული შემადგენლობით დავიწყეთ, ხოლო დაახლოებით 5 თებერვლიდან უკვე თითქმის სრულად ვიყავით შეკრებილი. აქცენტი გავაკეთეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ჩავატარეთ 5 ტესტ-მატჩი და ეტაპობრივად ვუახლოვდებით ჩვენს სათამაშო სტილს. ამ მოკლე პერიოდისთვის კონდიციები დამაკმაყოფილებელია, თუმცა შრომას ვაგრძელებთ.“
ტაქტიკური მუშაობა:
„პროცესი გარკვეულწილად გართულდა, რადგან მიმდინარეობდა როტაცია U19 გუნდთან, რაც კონკრეტულ ტაქტიკურ თემებზე მუშაობას ართულებდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გუნდმა ამ გამოწვევას თავი კარგად გაართვა.“
დაკომპლექტება:
„ლოკომოტივის ლიგა 2-დან ლიგა 3-ში დაქვეითების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა კლუბი. შევინარჩუნეთ 4 მოთამაშე, დავამატეთ ლოკო 2-ის წევრები და რამდენიმე ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ახალწვეულებს პროცესში ჩართვა არ უჭირთ — ეს გუნდში ერთიანობასა და მიზანსწრაფვას უსვამს ხაზს.“
სეზონის მიზანი:
„ლოკოს მთავარი მიზანია ღირსეულად წარსდგეს — ისე, როგორც ამ კლუბის ისტორიასა და სახელს შეეფერება. ჩვენი მთავარი მოტივი ღირსება და ღირსებისთვის ბრძოლაა.“
ლიგა 3-ზე:
„წელს ლიგა 3 ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება. ბევრმა ისტორიულმა კლუბმა მოიყარა თავი და ვფიქრობ, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე თასზე, არაერთი გუნდი იტყვის თავის სიტყვას.“
სეზონის დაწყების წინ გუნდის ახალ კაპტიანს, სანდრო შაშიაშვილსაც გავესაუბრეთ მან აღნიშნა:
„პირველ რიგში მადლობელი ვარ, რომ გუნდმა მენდო და კაპიტნის სამკლაური გადმომცა — ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. გუნდში პოზიტიური განწყობაა, ვემზადებით ჩემპიონატის დაწყებისთვის და დიდი იმედებიც გვაქვს. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯერ ლიგა 2-ში დავბრუნდეთ, შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში — იქ, სადაც ამ ისტორიული კლუბის ადგილია.“
გუნდის ახალწვეულები
გუნდის ბირთვი მნიშვნელოვნად განახლდა — ლოკომოტივს შეუერთდნენ ახალი ფეხბურთელები, ხოლო არაერთი მოთამაშე დაწინაურდა აკადემიიდან, რაც კლუბის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
2026 სეზონის განაცხადი
მეკარეები
• ლუკა ხელაშვილი
• გიგი წიკლაური
მცველები
• სანდრო შაშიაშვილი (კაპიტანი)
• დაჩი გოგოლი
• გიორგი გოგატიშვილი
• საბა ხაჩიძე
• ნიკა უზოევი
• საბა გულუა
• ნიკოლოზ გოზალაშვილი
ნახევარმცველები
• ნიკა ცარციძე
• ნიკოლოზ სურგულაძე
• კონსტანტინე სანაია
• ნიკოლოზ წერეთელი
• ანდრია ვიბლიანი
• დუდუ ზაქარეიშვილი
• ვასიკო ჭიღლაძე
• საბა კაკულია
• ფრენკ ჩილეშე
• მამუკა ჩხარტიშვილი
• ლუკა ჯოჯუა
• ნიკა ბჟალავა
• დემეტრე გოჩავა
• ლუკა ხოხაშვილი
თავდამსხმელები
• ბონეფასოგო ფირი
• ლაშა ოზბეთელაშვილი
• გიორგი თოდუა
• გიორგი მჟავანაძე
2026 წლის სეზონში პირველ გუნდთან ერთად იმუშავებს განახლებული სტაფი:
ასისტენტი მწვრთნელი: ლაშა სიმონია
მეკარეების მწვრთნელი: დავით კუპატაძე
გუნდის ექიმები: ნიკოლოზ შენგელია, ოთარ ჩოჩია
ადმინისტრატორი: დავით კორკელია
სეზონის პირველ მატჩს გურიასთან გავმართავთ - 5 მარტს, 14:00 საათზე, ვარკეთილში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში.