ისტორია

კლუბის ისტორია

 

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. კლუბი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა. მასში გაერთიანებული იყვნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. ასევე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში დაქვემდებარებული უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

 

ლოკომოტივმა 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1988-1989 წლებში ჩვენი გუნდი ომც ლოკომოტივის სახელით თამაშობდა. 1990-1993 წლებში კლუბი მერანის, ხოლო 1993-1995 წლებში კი მერანი-ბაჩოს სახელს ატარებდა.

 

ლოკომოტივი თამაშობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ჩემპიონატების უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1947-1948 და 1957-1970), მეორე (1936-1937, 1981-1982, 1984-1986 და 1988-1989) ლიგებსა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-1956, 1971-1975 და 1983).

 

1990 წლიდან ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების უმაღლეს (1997), პირველ (1991-1995 და 1996-1997) და მეორე (1990-1991) ლიგებში მონაწილეობს.