ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურში ლიდერს, საგარეჯოს გარეჯს შეხვდება

ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურში ლიდერს, საგარეჯოს გარეჯს შეხვდება
28/08/2023

ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურში ლიდერს, საგარეჯოს გარეჯს შეხვდება

თბილისის ლოკომოტივი საგარეჯოს გარეჯთან შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

 

ლოკო მნიშვნელოვან შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. გუნდმა გათამაშების წინა ტურის შეხვედრაში ხობის კოლხეთთან ქამბექი შეასრულა. პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქე 0:1 გვამარცხებდა, მეორე ნახევარში კი მახარობლიძისა და თურქიას გოლებით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. აღნიშნული მოგებით ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ადგილზე გადავიდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

 

რაც შეეხება საგარეჯოს გარეჯს, გუნდმა სეზონის განახლების წინ მწვრთნელი გამოიცვალა. საგარეჯოელები პირველ შეხვედრებში არადამაჯერებელად გამოიყურებოდნენ, თუმცა უკანასკნელ პერიოდში თამაში გამოასწორეს, წინა ორი ტურის მატჩში მათ მარტვილის მერანი და სპაერი დაამარცხეს. 51 ქულით პირველ ადგილზე მყოფი საგარეჯოელები მეორეადგილოსან ფოთის კოლხეთს 6 ქულით უსწრებენ.

 

თბილისის ლოკომოტივმა და გარეჯმა მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ ითამაშეს. პირველი დაპირისპირება ლოკომ 3:0 მოიგო. გოლები კურტანიძემ, კიკნაძემ და კალანდაძემ გაიტანეს. მეორე თამაშში ჩვენი გუნდი დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ლოკოს მხრიდან გოლების გატანა ოზბეთელაშვილმა და კურტანიძემ მოახერხეს.

 

ჩვენი გუნდისთვის გამორჩეული იყო 2019 წელს გარეჯთან საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვება. მაშინ მეტოქე 3:2 სიხარულიძის, ჭანტურიასა და შონიას გოლებით დავამარცხეთ.

 

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივისა და გარეჯის შეხვედრა 29 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I 24-ე ტური:

 

27 აგვისტო I დინამო თბილისი 2 - თბილისის მერანი 3:0
27 აგვისტო I ხობის კოლხეთი - ბოლნისის სიონი 0:2
29 აგვისტო I მარტვილის მერანი - ფოთის კოლხეთი
29 აგვისტო I სპაერი - ვიტ ჯორჯია
29 აგვისტო I ლოკომოტივი - გარეჯი

more news