„ლოკომოტივის“ აკადემია ოქროს ლიგის გადამწყვეტ ფაზაშია

„ლოკომოტივის“ აკადემია ოქროს ლიგის გადამწყვეტ ფაზაშია
22/10/2026

„ლოკომოტივის“ აკადემია ოქროს ლიგის გადამწყვეტ ფაზაშია

საქართველოს ასაკობრივი ოქროს ლიგის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. „ლოკომოტივის“ აკადემიის სამივე გუნდი სეზონის მნიშვნელოვან ეტაპზეა, თუმცა განსხვავებული მიზნებითა და ამოცანებით. U19 და U15 გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელებას ზედა ჯგუფში გეგმავენ, U17 გუნდი კი ქვედა ჯგუფში წარმატებული ასპარეზობისთვის იბრძვის.


U19 | თანაბარი ქულები და გადამწყვეტი დაპირისპირება „დინამოსთან“


„ლოკომოტივის“ 19-წლამდელებმა ძირითადი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს. გუნდმა 19 შეხვედრაში 13 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ ფრედ ითამაშა და სამჯერ დამარცხდა, ჯამში კი 42 ქულა დააგროვა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „დინამო თბილისსაც“, რაც მომდევნო დაპირისპირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.


ოქროს ლიგის ზედა ჯგუფში პირველი მატჩი „ლოკომოტივმა“ „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ გამართა. დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა საბოლოოდ „ლოკომოტივის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.


მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეკარე საბა ასანიძის მიერ გატანილი გოლი იყო. შეხვედრაში, რომელშიც რამდენიმე წითელი ბარათიც დაფიქსირდა, „ლოკომოტივის“ მხრიდან დუბლი დიხამინჯიამ შეასრულა, ერთი გოლი კი ბერულავას ანგარიშზეა.


მომდევნო შეხვედრაში „ლოკომოტივი“ უშუალო კონკურენტ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება. მატჩი 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის ბაზაზე გაიმართება.


42-42 ქულა, თანაბარი სატურნირო მდგომარეობა და სეზონის უმნიშვნელოვანესი ეტაპი — წინ პრინციპული დაპირისპირებაა, რომელშიც ჩვენი გუნდის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.


U17 | წარმატებული სერია ქვედა ჯგუფში


17-წლამდელებმა ძირითადი ეტაპი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულეს და ასპარეზობას ოქროს ლიგის ქვედა ჯგუფში აგრძელებენ.



გუნდმა ქვედა ჯგუფში უკვე სამი შეხვედრა გამართა: „იბერია 2“ დაამარცხა, „ინტერთან“ და 35-ე სკოლასთან კი ფრედ ითამაშა. ამ შედეგების საფუძველზე „ლოკომოტივი“ ჯგუფის მეორე პოზიციას იკავებს.


მორიგი გამოცდა ჩვენს გუნდს სტუმრად ელის. 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ლოკომოტივი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. გუნდის მიზანი წარმატებული ასპარეზობის გაგრძელება და სატურნირო პოზიციის გაუმჯობესებაა.


U15 | ზედა ჯგუფში ბრძოლის გასაგრძელებლად


15-წლამდელებმა ძირითადი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. გუნდმა 20 შეხვედრაში 10 გამარჯვება მოიპოვა, ოთხჯერ ფრედ ითამაშა და ექვსჯერ დამარცხდა, რის შედეგადაც 34 ქულა დააგროვა.


სატურნირო ცხრილში კონკურენცია საკმაოდ მჭიდროა: „ლოკომოტივს“ მესამე ადგილზე მყოფ „ინტერთან“ მხოლოდ ერთი ქულა აშორებს, მეორე პოზიციაზე მყოფ „იბერიასთან“ კი — სამი ქულა.


გუნდი ოქროს ლიგის ზედა ჯგუფში ასპარეზობას აგრძელებს და პირველ შეხვედრას სტუმრად „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

more news