3 მნიშვნელოვანი ქულა გორიდან
3 მნიშვნელოვანი ქულა გორიდან
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი გასვლითი შეხვედრა „ლოკომოტივმა“ გორში, „დილას“ წინააღმდეგ გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩი მოიგო და თან, დიდი პრაქტიკული და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მქონე.
ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა პირველი სახიფათო მომენტი მეტოქის კართან მე-7 წუთზე შექმნეს, როცა კუთხურის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძის თავური დარტყმა გორელთა კარს ზემოდან მცირედით გადასცდა. „ლოკომოტივი“ კი, გაშვებულ გოლს 5 წუთში გადარჩა, როცა მასპინძელთა პოზიციური შეტევა კარში ახლო მანძილიდან დარტყმით დასრულდა.
ტაიმის მეორე ნახევარში, ბურთს, ძირითადად, გიიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ფლობდა. იყო კარში სახიფათო დარტყმის მცდელობები, თუმცა, „დილას“ კართან სერიოზული საფრთხე არ შექმნილა. თავის მხრივ, გორელებიც „იკბინებოდნენ“ და სწრაფი შემტევების დამსახურებით, რამდენჯერმე მამარდაშვილთან პირისპირაც დარჩნენ. 42-ე წუთზე, ლოკომოტიველთა საჯარიმოს ხაზთან სახიფათო დაჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ირაკლი ლექვთაძის დარტყმული კი, რომელიც პირდაპირ კარის ცხრიანში მიდიოდა, გიორგი მამარდაშვილმა ეფექტურ ნახტომში ჰაერშივე გააქვავა. ტაიმიც ასე მორჩა - 0:0.
გიორგი მამარდაშვილმა თავი 51-ე წუთზეც გამოიჩინა, როცა მასთან ერთ-ერთზე გასულ ირაკლი ლექვთაძეს არ გაატანინა. ზოგადად კი, ლოკოს კარის დარაჯი საიმედოდ იდგა.
„ლოკომოტივმა“ ანგარიში 58-ე წუთზე გახსნა. ეფექტურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ შესანიშნავი პასით მეკარის პირისპირ დატოვა თემურ შონია. ლოკოს საყრდენს კი, გუგეშაშვილის კარის აღება აღარ გასჭირვებია.
გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში. ერთ-ერთი სახიფათო იერიშის მოგერებისას, დაშავდა ლოკოს 18 წლის ფლანგის მცველი - გიორგი ქველაძე და ის მისმა თანატოლმა რატი მჭედლიშვილმა შეცვალა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბოლო თამაშებში, გიორგი ჭიაბრიშვილი აშკარად დიდ ნდობას უცხადებს „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილებს.
მატჩის ბოლო წუთებმა დრამატულ ბრძოლაში ჩაიარა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის თითქმის სავსე ტრიბუნები მასპინძლებს ამხნევებდნენ. შეცვლაზე ძალიან კარგად შემოვიდა გიორგი იაკობიძე. ახალგაზრდა შემტევი მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა გორელთა მცველებს. იმატა უხეშობამაც. მსაჯის მიერ დამატებულა ხუთმა წუთმაც უკიდურეს დაძაბულობაში გაიარა. საფინალო სასტვენის შემდეგ კი, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა მოგება და 3 ქულა.
დილა 0:1 ლოკომოტივი (0:0)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 76), დარცმელია, შონია (C), ძებნიაური, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 70), იმრან ულად ომარ (იაკობიძე 65), სიხარულიძე
გოლი: შონია (58)
გაფრთხილება: შონია, გურეშიძე, მამარდაშვილი, გავაშელიშვილი
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი