#ბლოგი - ნიკა ჭანტურია | ნაწილი პირველი

#ბლოგი - ნიკა ჭანტურია | ნაწილი პირველი
12/05/2017

#ბლოგი - ნიკა ჭანტურია | ნაწილი პირველი

ფეხბურთელობა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც დონე მაღალი არაა და ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად ორმაგი ძალისხმევა სჭირდებათ.

 

ჩემი ბლოგის მთავარი მიზანი, ქართული ფეხბურთით და ჩვენი გუნდის ყოველდღიურობით დაინტერესებული ადამიანებისა და გულშემაკივრებისთვის, არსებული სიტუაციის უფრო ახლოს გაცნობაა.

 

მსგავსი ტიპის ჩანაწერს პირველად ვაკეთებ და იმედი მაქვს ოთო მუმლაძის დახმარებით, ჩემს სათქმელს თქვენამდე გასაგებად და მაქსიმალურად მრავალფეროვნად მოვიტან.

 

პირველი ბლოგის წერა, არცთუ კარგ ხასიათზე მიწევს, რადგან რამდენიმე დღის წინ, უშუალო კონკურენტთან და პრინციპულ მეტოქესთან დავმარცხდით. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა, დინამოს წინააღმდეგ კი თამაში კიდევ ორჯერ მოგვიწევს, ამიტომ არაფრის დათმობას ვაპირებთ.

 

ფეხბურთელისთვის, ყველაზე ძნელი, იძულებითი დასვენებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს სჭირდები. სწორედ ეს გრძნობა მქონდა ბათუმში, 5 მაისს, როცა ბათუმის დინამოს წინააღმდეგ, ლოკომოტივმა სავსე ტრიბუნების წინაშე ითამაშა. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დავეხმარე, მაგრამ ლოკომ ურთულესი მატჩი მოიგო, რამაც უზომოდ გამახარა.

 

იმდენად მაგარი საფეხბურთო საღამო გამოვიდა, ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვითამაშე. მინდოდა, ამ ლამაზი სანახაობის მონაწილე მეც ვყოფილიყავი.

 

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ყველა სხვა მატჩში მივიღე მონაწილეობა და მიხარია, რომ გუნდს დადებითი შედეგის მიღწევაში მეც დავეხმარე. წელს ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე გასულ სეზონებში, რადგან ტრავმის და უთამაშებლობის გამო ცუდი პერიოდი გამოვიარე.

 

სტაბილურობა და ნდობა, ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მეც ვცდილობ, საკუთარი თამაშით, ეს ნდობა გავამართლო. გაზეთ ლელოს ვერსიით, ტურის სიმბოლურ გუნდში ორჯერ მოვხვდი, რაც დამატებითი სტიმულია.

 

ვთვლი, რომ ფეხბურთელი ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. თბილისის დინამოსთან მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი და თამაში პირველივე წუთიდან მინდოდა.

 

მოედანზე მეორე ტაიმში შევედი, მაშინ როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. დამწყდა თუ არა გული მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე? კი, მაგრამ ზუსტად გავუგე, რადგან ლოკომოტივის მთავარი სიძლიერე გუნდურობასა და ერთსულოვნებაშია.

 

მიმდინარე სეზონში, ჩვენი კარგი შედეგის მთვარი განმაპირობებელი სწორედ ერთიანობაა. გიორგი დევდარიანმა ჩვენი მოტივირება და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესანიშნავად მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და თამაშის ამბიცია ყველა მათგანს აქვს, მწვრთნელი ცდილობს გამოსავალი ისე იპოვნოს, რომ გუნდის ინტერესები არ დააზიანოს და შედეგიც საუკეთესო გვქონდეს. ჯერ-ჯერობით, ეს მასაც შესანიშნავად გამოსდის და ჩვენც.

 

გასულ წლებში, ლოკომოტივი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოდა, არადა ამის ამბიცია გვქონდა. წელს, ამბიციასთან ერთად შედეგიც მოვიდა. რა თქმა უნდა, ახლა აღარც ეს გვაკმაყოფილებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პერიოდი ლოკომოტივის დიდი წარმატების დასაწყისია.

 

წინ კიდევ ერთი თბილისური დერბია. საბურთალო ერთადერთი გუნდია, რომელთანაც პირველ წრეში დავმარცხდით, ამიტომ რევანშის აღება გვჭირდება და მჯერა, 14-ში, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება.

2017 წლის 12 მაისი.

more news