#ბლოგი - ნიკა ჭანტურია | ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი
#ბლოგი - ნიკა ჭანტურია | ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი
ეს, ჩემი რიგით მეორე ბლოგია. ამ საქმეში არც ისე გამოცდილი ვარ, მაგრამ წერის პროცესი საკუთარ თავთან დარჩენისა და მოვლენების სწორად შეფასების საუკეთესო საშუალებაა.
დღეს, საქართველოში, სტარტს იღებს ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი, რომელმაც შეიძლება, ამ ტურნირში მონაწილე ფეხბურთელების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. როგორც წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, ზოგის ცხოვრება დადებითისკენ, ზოგის კი სამწუხაროდ უარყოფითისკენ.
ეს უდიდესი შანსია, რომელიც მილიონიდან, მხოლოდ ათეულობით ფეხბურთელს ეძლევა. პირადი გამოცდილებით ლაპარაკი, ყოველთვის უფრო საინტერესოა. მე კი მქონდა ბედნიერება, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ მეთამაშა.
ალბათ გახსოვთ, როცა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ეს წარმოუდგენელი მიღწევა იყო. ელიტ-რაუნდში ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის ნაკრებებს ვაჯობეთ. მათთან გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს, გულშემატკივრის დიდი ემოცია და სიყვარული ავსებდა.
თბილისში, ჩვენი ნაკრების გულშემატკივარმა ყველა მატჩზე განსაკუთრებულად გვიქომაგა და საბოლოოდ, ამ ენერგიამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიგვიყვანა. მანმანდე კი, გზად კიდევ ერთი გრანდი, საფრანგეთის ნაკრები ჩამოვიშორეთ.
წარმატების მისაღწევად, ფეხბურთელს ყველაზე მეტად თავდაჯერება სჭირდება. ამ ტურნირმა, გუნდის ყველა წევრს, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაგვიათმაგა.
17 და 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის, ყველა კომპონენტში დიდი სხვაობაა. ამის ფონზე, განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ, ამჯერად გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოვიპოვეთ.
იმ წელიწადნახევარში, ბევრმა ჩვენგანმა პროგრესი აჩვენა, რამდენიმე ფეხბურთელმა კი სამწუხაროდ 19 წლამდე გუნდში თავის დამკვიდრება ვეღარ მოახერხა.
ელიტ-რაუნდში ბელგიის, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების ბარიერი გადავლახეთ, თანაც მატჩები ბელგიაში ტარდებოდა. სწორედ მაშინ ვიგრძენით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა საკუთარ კედლებში თამაშს.
წარმატების მიღწევა გუნდურობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ გუნდურობა გამოარჩევდა, როგორც 17, ისე 19 წლამდე გუნდებს, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე.
საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშთან ერთად, დამატებითი მოტივაციაა, როცა მოედანზე შენი თაობისა და ასაკის, უკვე შემადგარი ვარსკვლავების წინააღმდეგ გადიხარ.
19 წლამდე ჩემპიონატზე რაბიოს, მარსიალის, ბელერინისა და მენდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მათი სიძლიერე და სახელი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო, ბრძოლის მთავარი იარაღი კი გუნდურობა. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულები სწორედ ჩვენ გამოვდიოდით.
ნიკა ჭანტურია ანტონი მარსიალის წინააღმდეგ - ევრიპის 19 წლამდე ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოში - შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს, ყველაზე მეტად გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდებათ.
დღეიდან, კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი ფეხბურთმა გაგვაერთიანოს და მიხარია, რომ ამ ბლოგის დაწერამდე, გორის სტადიონზე გასამართი, საქართველო-პორტუგალიის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობას კარგად ვიცნობ, რამდენიმე მათგანი ლოკოს წევრია. კონკრეტულად არავის გამორჩევა არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, მათ სანახავად, სტადიონზე მისვლა ნამდვილად ღირს!
მათი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენა, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნება.
2017 წლის 2 ივლისი.