ჩიხურამ ლოკომოტივი შეაფერხა

ჩიხურამ ლოკომოტივი შეაფერხა
08/11/2019

ჩიხურამ ლოკომოტივი შეაფერხა

 

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის საგზურის ოფიციალურად გაფორმება საკუთარ მოედანზე, საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩში ვერ შეძლო. ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანს, მომდევნო ტურში ბოლნისში 3 ქულისთვის სერიოზული ბრძოლა მოუწევს.

 

ლევან კორღალიძის გუნდმა თამაში მშვიდად დაიწყო. გუნდს აქცენტი ბურთის შენარჩუნებასა და პოზიციურ შეტევაზე ჰქონდა გაკეთებული. პირველი სახიფათო მომენტი მე-6 წუთზე ირაკლი სიხარულიძეს შეექმნა, თუმცა, თბილისელთა ბომბარდირის დარტყმამ ჰამზიჩის კარის ძელს ჩაუარა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას „ლოკომოტივი“ ფლობდა, თბილისელებმა გოლი საკუთარ კარში მიიღეს. 31-ე წუთზე, ეს ოლეგ მამასახლისმა შეძლო და სტუმრები დააწინაურა. გაშვებული გოლიდან სამიოდ წუთში კი, მასპინძლები მეორე გოლისგან დემეტრე ბულისკერიამ იხსნა.

 

„ლოკომოტივმა“ ტაიმის ბოლომდე ჰამზიჩის კარს გასაღები ვერ უპოვნა და შესაბამისად, მატჩის პირველი ნახევარი 0:1 დათმო.

 

ლევან კორღალიძემ ცვლილებების განხორციელება მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე დაიწყო. ირაკლი კომახიძის ნაცვლად ტაიმი თორნიკე კირკიტაძემ დაიწყო. თამაშის განახლებიდან ერთ წუთში კი, „ჩიხურამ“ მეორედ აიღო ბულისკერიას კარი. დემიკო ჩიხლაძის გოლით, საჩხერლების უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა.

 

„ლოკომოტივი“ საგოლე მომენტებს თითქმის ვერ ქმნიდა. ყოველ შემთხვევაში, რეალურ ხიფათამდე საქმე არ მიდიოდა. თბილისელთა უიღბლობას, 73-ე წუთზე ლევან კორღალიძის სათადარიგოთა სკამიდან გაძევებაც დაემატა.

 

მიუხედავად ამისა, ბექა დარცმელიამ ეფექტური თამაშით მაინც შეძლო საჩხერელთა კარის აღება, თუმცა, მატჩის არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ზოგადად, ბაკურ ნინუამ, ამ საღამოს რადენიმე საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

 

„რაც მოხდა - მოხდა. ჩემი გაძევების ეპიზოდზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ეს ფეხბურთია და ფეხბურთში ყოველთვის ჭარბადაა ემოციები. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჩვენ კი, გავაგრძელებთ ჩვენი მიზნისკენ სვლას“ - განაცხადა მატჩის შემდეგ „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა.

 

 

ლოკომოტივი 0:2 ჩიხურა

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, გვალია (დარცმელია 59), სამურკასოვი (გოროზია 79), კომახიძე (თ.კირკიტაძე 46), დ.კირკიტაძე, სიხარულიძე

more news