''ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია''

''ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია''
29/06/2017

''ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია''

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდთან ერთად, თბილისის ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი; ვატო არველაძე, დავით სამურკასოვი და ირაკლი ბუღრიძე ემზადება.

 

ლოკომოტივისა და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, რატი არდაზიშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

 

A ჯგუფიდან, საქართველოს ნაკრებთან ერთად, პლეი-ოფში მოსახვედრად პორტუგალიის, ჩეხეთისა და შვედეთის 19 წლამდე გუნდები იბრძოლებენ.

 

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება და შანსია. გუნდის ყველა წევრი, სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებს.

 

პირველი მატჩი პორტუგალიასთან გვაქვს. მეტოქე მეტ-ნაკლებად შევისწავლეთ და ვიცით, რომ რთული თამაში გვექნება.

 

მინდა, გულშემატკივარს ჩვენი გუნდის მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება". - ამბობს ვატო არველაძე.


საქართველოს ნაკრები, პირველ მატჩს პორტუგალიის წინაარმდეგ, 2 ივლისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

"საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ შეიძლებოდა უფრო რთული მეტოქეებიც გვყოლოდა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ჩვენი მიზანი პლეი-ოფში თამაშია.

 

დარწმუნებული ვარ, მაქსიმალური კონცენტრაციისა და მონდომების ხარჯზე, წარმატების მიღწევა შეგვიძლია". - დავით სამურკასოვი.


მეორე მატჩს, გიორგი ყიფიანის გუნდი 5 ივლისს, შვედეთის ნაკრებთან გამართავს. ჯგუფის ბოლო მატჩი, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 8 ივლისს გაიმართება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

 

"ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და ეს ჩვენთვის დამატებითი შანსია. ვფიქრობ, პირველ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, როგორც შედეგის, ისე ფსიქოლოგიური კუთხით.

 

ჩემპიონატის წარმატებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ". - ირაკლი ბუღრიძე.

ევროპის ჩემპიონატი 15 ივლისს დასრულდება. ფინალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

more news