გავაშა დაბრუნდა!
გავაშა დაბრუნდა!
მკურნალობის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი - მამია გავაშელიშვილი კლუბს სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ, მამია რეაბილიტაციის პროცესს იწყებს და ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის, გუნდს შეუერთდება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე და სრულიად ჯანმრთელი დავბრუნდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ 9 თვის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა: ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობი და უცნობი ადამიანები. უამრავმა ადამიანმა მომწერა და დამირეკა და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა.
განსაკუთრებული მადლობა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტს - ლექსო თოფურიას, რომელიც პირველივე დღიდან ყველანაირად მეხმარებოდა და მხარს მიჭერდა. მადლობა ლოკოს თითოეულ წევრს, ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოწყენისა და ხელის ჩაქნევის საშუალება არ მომცეს. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობა ეროვნული ლიგის კლუბებსა და ფეხბურთელებს.
მინდა, განსაუთრებულად აღვნიშნო ჩემი მეუღლის წვლილი. მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას ერთი წუთითაც კი არ დავუტოვებივარ მარტო და ჩემთან ერთად გადაიტანა ყველაფერი - კარგიც და ცუდიც.
ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოედანს ვეღარ დავუბრუნდებოდი. ჩემი გუნდის ვარჯიშებს საგურამოში თითქმის სულ ვესწრებოდი და თითქოს ამით ვინაზღაურებდი დანაკლისს. იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით წავა და ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის, უკვე გუნდს შევუერთდები.
განვლილმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც მძიმე დაავადებას ებრძვის - არასდროს დანებდეთ, შეუძლებელი არაფერია. ძლიერები იყავით და ყველაფერი გამოვა“ - ამბობს მამია გავაშელიშვილი.