‘გვინდა, ეს სპორტი განვითარდეს’ - ლოკომოტივის ESPORTS-ის გუნდის გამოწვევები

‘გვინდა, ეს სპორტი განვითარდეს’ - ლოკომოტივის ESPORTS-ის გუნდის გამოწვევები
14/09/2023

‘გვინდა, ეს სპორტი განვითარდეს’ - ლოკომოტივის ESPORTS-ის გუნდის გამოწვევები

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა, დაახლოებით, ორი წლის წინ eSports-ის გუნდი შექმნა. ლოკო მაშინ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში გუნდი ჩამოაყალიბა, შემადგენლობა კი უძლიერესი გეიმერებით დააკომპლექტა - ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი.

 

განვლილ პერიოდში ქართველმა მოთამაშეებმა FIFA-ში ლოკომოტივის სახელით მრავალი საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს - დაწყებული ნაპოლისთან და აიაქსთან დაპირისპირებებით და ქართულ ტურნირებში მოღვაწეობით დასრულებული. აღსანიშნავია ისიც, რომ “ონო” და “ასათა” საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრების წევრებიც არიან.

 

“ევროპოპი” ლოკომოტივის გეიმერებს დაუკავშირდა, რომლებმაც განვლილი პერიოდი გაიხსენეს და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეს.

 

ლადო ონიანი (თბილისის ლოკომოტივი): “ლოკომოტივმა ჩვენს განვითარებაში უმთავრესი როლი ითამაშა. ძალიან კარგია, როდესაც მოთამაშეს ეძლევა საშუალება და სტიმული, რომ კლუბის სახელით საკუთარი თავი ბოლომდე გამოამჟღავნოს და მასთან ერთად სამომავლო წარმატებებს მიაღწიოს”.

 

შედარებით უფრო ვრცლად გუნდის მეორე წევრს, ნიკა ასათაშვილს ვესაუბრეთ. “ასათამ” ორგანიზაციაში პირველი ნაბიჯები გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ეხმარება მსგავსი დაინტერესება ქართულ კიბერსპორტს.

 

ნიკა ასათაშვილი (თბილისის ლოკომოტივი):
…ლოკომოტივის წვლილზე: “ჩვენს წარმატებაში ლოკომოტივის წვლილი უსაზღვროა, რადგან ისინი გვაძლევენ მოტივაციას, რომ საყვარელი საქმე ვაკეთოთ და ამას შესაბამისი დრო დავუთმოთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის პრეზიდენს, გენერალურ დირექტორს და ყველას, ვინც გაიაზრა ამ სპორტის მნიშვნელობა. მოგვეცა საშუალება, რომ მათი სახელით უკეთესად წარგმოგვეჩინა თავი და ვყოფილიყავით კონკურენტუნარიანები არამარტო საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთ".

 

…განვლილ პერიოდზე: “2022 წლის იანვარში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ - აიაქსს და BO5-ის პრინციპის დაპირისპირებაში 1:3 დავმარცხდით. 2022 წლის აგვისტოში ნაპოლის კიბერგუნდს შევხდით, რომელშიც BO3-ის ფორმატით 2:1 გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ ნაპოლის ისპორტის გუნდი წელს “იქლაბის” მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა, შესაბამისად, მსოფლიოს ტოპ 4 გუნდში მოხვდა. ასევე 2022 წელს სფფ-ის ტურნირში გავიმარჯვეთ, საიდანაც ისტორიაში პირველად “ინეშენსის” საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით. წელს საქართველოს თასზე ჩვენი ბენეფისი შედგა, გავიმარჯვეთ, როგორც 2V2 ტურნირზე, ასევე 1V1 შეჯიბრებაზე".

 

ლადო ონიანთან ერთად თამაშზე: “ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ, რადგან განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს და 2V2-ის დაპირისპირებების დროს სხვადასხვა ფუნქციებს გონივრულად ვინაწილებთ. ზოგადად, ლადო უძლიერესი მოთამაშეა საკუთარი განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით და მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა”.

 

…სამომავლო გეგმებზე: “ერთ-ერთ მთავარ მიზანს საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა წარმოადგენს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პირველობაზე წარმატებით გამოსვლის გაგრძელება. ზოგადად, გვინდა, ეს სპორტი საქართველოში უფრო მეტად განვითარდეს და კარგი იქნება ლოკომოტივს სხვა გუნდებიც თუ მიბაძავენ. ეს ყველაფერი ქართული კიბერსპორტის განვითარებას ძალიან დაეხმარება, რადგან გაიზრდება კონკურენცია, რაც სასარგებლოა, როგორც კლუბებისთვის და მოთამაშეებისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვისაც".

 

სტატია მოამზადა საიტმა EUROPOP.GE

more news