ლაშა მენთეშაშვილი - ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილები ვართ, გუნდი წინ მიიწევს
ლაშა მენთეშაშვილი - ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილები ვართ, გუნდი წინ მიიწევს
სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ თბილისის ლოკომოტივმა ეროვნულ ლიგა 2-ში 5 თამაში ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
განვლილი შეხვედრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ლაშა მენთეშაშვილი იყო. 20 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელ 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. განსაკუთრებით კარგად ითამაშა მან ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე გამართულ ბოლო მატჩში დინამო თბილისი 2-თან.
განვლილ პერიოდთან და სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით ლაშას გავესაუბრეთ.
"ბოლო დროს ნაჩვენები შედეგით კმაყოფილები ვართ, გუნდი წინ მიიწევს და პროგრესირებს. ბოლო 5 თამაშიდან 3 მოვიგეთ, რაც შესანიშნავი შედეგია. თითოეულ რგოლში კარგად გამოვიყურებით. მიხარია, რომ გუნდს მეც დავეხმარე.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლნისის სიონთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვება უკანასკნელ წუთებზე, გიორგი გაბაძემ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო.
გუნდში კარგი ატმოსფეროა, განწყობა ამაღლებულია. მარტვილის მერანთან სათამაშოდ კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან სატურნირო ცხრილში ჩვენი უშუალო კონკურენტია. იმედი გვაქვს, სეზონის დარჩენილ ნაწილშიც ასევე წარმატებულად ვიასპარეზებთ", - განაცხადა ლაშა მენთეშაშვილმა.