ლოკომოტივი საბურთალოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ლოკომოტივი საბურთალოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი საბურთალოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. თბილისური დერბი, რომელიც მასპინძლებმა 6:0 მოიგეს, დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართა.
გიორგი დევდარიანის გუნდი საბურთალოსთან დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით შეხვდა. სხვადასხვა მიზეზის გამო ლოკოს დავით სამურკასოვი, ირაკლი კომახიძე და თეიმურაზ ღონღაძე აკლდა.
ლოკომოტივის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ლაშა გვალიამ. 25 წლის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. დებიუტი ჰქონდა მამუკა კობახიძესაც, რომელიც თამაშში 57-ე წუთზე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ნაცვლად ჩაერთო.
საბურთალომ მატჩის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტა. მე-9 და მე-16 წუთებზე მასპინძელთა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა ლოკოს ორი გოლი გაუტანა.
მე-20 წუთზე საბურთალოს კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა. 29-ე წუთზე ვოლკოვმა ჰეთთრიკი შეასრულა. 39-ე და 54-ე წუთებზე, რევაზ თევდორაძის კარში კიდევ ორი გოლი გავიდა. დუბლი ლაშა შინდაგორიძემ შეასრულა.
საბურთალოსთან მარცხის შემდეგ, დევდარიანის გუნდი 30 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ლოკომოტივი მომდევნო მატჩს 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათადაირგო მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ანდრონიკაშვილი (კობახიძე 57), ხიდეშელი, ჭანტურია, უბილავა, გვალია, გოროზია (ქავთარაძე 46), კიკნაძე (დიასამიძე 32), არველაძე, სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
არბიტრი: ი.კვირიკაშვილი