ლოკომოტივი სამტრედიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ლოკომოტივი სამტრედიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
21/11/2017

ლოკომოტივი სამტრედიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონ სამტრედიასთან დამარცხდა. 22 ნოემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართლული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის გუნდმა 2:5 წააგო.

სამტრედიელებთან მატჩში, ლოკომოტივს ეროვნული ლიგის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე ვერ დაეხმარა, ასევე ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გეგა დიასამიძეც.

სასტარტო შეამდგენლობაში დაბრუნდა მამუკა კობახიძე, რომელმაც დილასთან მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, საიუბილეო მე-100 მატჩი ჩაატარა გიორგი გაბაძემ. 22 წლის მცველი, ლოკომოტივში 2011 წლიდან თამაშობს.

სამტრედიასთან დაპირისპირება ლოკოს უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც ჩვენმა გუნდმა გახსნა. 25-ე წუთზე, ვატო არველაძემ ომარ მიგინეიშვილის კარი შორეული დარტყმით აიღო.

სტუმრებმა საპასუხო შეტევა ზუსტად ერთ წუთში განახორციელეს. ნიკა საბანაძის დარტყმა, რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. 30-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე, სამტრედიელმა ლაშა კასრაძემ ითამაშა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა.

შვიდ წუთში, ლოკომოტივმა მეორე გოლი გაუშვა. გიული მანჯგალაძემ, შორეული დარტყმით გაიტანა.

დევდარიანმა მეორე ნახევარი ცვლილებით დაიწყო. გიორგი რეხვიაშვილის ნაცვლად, თამაშში გიორგი ხიდეშელი ჩაერთო.

52-ე წუთზე, ნიკა ჭანტურია ლუკა ხარძიანმა შეცვალა, რომელმაც ლოკომოტივის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ხარძიანი ამპლუით ფორვარდია და 17 წლისაა. იგი ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდში თამაშობს.

54-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ ანგარიში გაათანაბრა. 22 წლის შემტევმა, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა.

64-ე წუთზე ლოკოს წინ გასვლა შეეძლო. არველაძე ფლანგზე სამტრედიელთა მცველს გაცდა და საჯარიმოში მყოფ გიორგი გოროზიას კარგი პასი გაუკეთა, თუმცა ლოკოს 23-ე ნომერი ბურთს ვერ მისწვდა და გატანის შანსი ხელიდან გაუშვა.

გატანის კარგი შანსი ჰქონდა გაბაძესაც. მისი შორეული დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

68-ე და 72-ე წუთებზე, სამტრედიელთა ნახევარმცველმა დავით რაჟამშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. დუბლის შესრულება მოახერხა გიული მანჯგალაძემაც, რომელმაც 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლოკომოტივი 35-ე ტურის შემდეგ, 53 ქულით მე-5 ადგილზეა. დევდარიანის გუნდი ქულით უსწრებს საჩხერის ჩიხურას. ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში, ლოკოს მეტოქე სწორედ ჩიხურა იქნება. მატჩი 26 ნოემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი (ხიდეშელი 46), კობახიძე, გაბაძე, ჭანტურია (ხარძიანი 52), გვალია, გოროზია, ქავთარაძე, კიკაბიძე (ვარძელაშვილი 70), არველაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ქავთარაძე (14), კობახიძე 83)

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

more news