ლოკომოტივმა ბათუმში ვატო არველაძის გოლით მოიგო

ლოკომოტივმა ბათუმში ვატო არველაძის გოლით მოიგო
05/05/2017

ლოკომოტივმა ბათუმში ვატო არველაძის გოლით მოიგო

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამო დაამარცხა. გიორგი დევდარიანის გუნდმა, გამარჯვება ბათუმში, რაგბი არენას სტადიონზე მოიპოვა. ლოკომოტივმა დინამოს 2:1 მოუგო და 21 ქულა დააგროვა.

 

მატჩის დაწყებამდე, ეროვნული ლიგის, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელ ირაკლი სიხარულიძეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, სპეციალური პრიზი გადასცა.

 

რამდენიმე ათასმა მაყურებელმა საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილა. ანგარიში მასპინძლებმა მე-14 წუთზე გახსნეს. დავით სამურკასოვმა, დინამოელთა კაპიტანი თეიმურაზ შონია საჯარიმოში წააქცია და მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა. გოლი ვაკო თევდორაძემ გაიტანა.

 

35-ე წუთზე გიორგი დევდარიანმა, სამურკასოვი მამია გავაშელიშვილით შეცვალა. 56-ე წუთზე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა. ლოკომოტივის მე-7 ნომერმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა.

 

გოლის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ორი ცვლილება განახორციელა. 61-ე წუთზე, გიორგი კიკნაძის ნაცვლად თამაშში ვატო არველაძე ჩაერთო. 81-ე წუთზე კი რატი არდაზიშვილმა გეგა დისამიძე შეცვალა.

 

75-ე წუთზე, მასპინძლებს გატანა ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ რევაზ თევდორაძემ ურთულესი ბურთები მოიგერია და ლოკომოტივი გადაარჩინა.

 

გამარჯვების გოლი სწორედ არდაზიშვილისა და არველაძის კომბინაციას მოჰყვა. 88-ე წუთზე ვატომ, საჯარიმოს გარედან, მარცხენა ფეხით, მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ არველაძემ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, თომაშვილი, კომახიძე, უბილავა, ქავთარაძე, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 35), დიასამიძე (არდაზიშვილი 81), კიკნაძე (არველაძე 61), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: ქავთარაძე (50), თევდორაძე (66), კომახიძე (80), არველაძე (88)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

more news