ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა

ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა
28/07/2017

ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, დინამო თბილისი დაამარცხა. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, გიორგი დევდარიანის გუნდმა მეტოქეს 3:1 მოუგო.

 

ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, დისკვალიფიკაციის გამო, ლოკომოტივს გუნდის კაპიტანი დავით უბილავა, ირაკლი კომახიძე და ლევან ქურდაძე აკლდა. შესაბამისად, გიორგი დევდარიანმა შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება მოახდინა.

 

გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში მეორე, სასტარტო შემადგენლობაში კი პირველი მატჩი ჩაატარა.

 

ანგარიში მე-17 წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. ლოკოს 24-ე ნომერმა გოლი დავით სამურკასოვის პასით გაიტანა. 19 წლის შემტევმა, ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და მარჯვენა ფეხით, ნუკრი რევიშვილს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.


25-ე წუთზე, სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბექა მიქელთაძემ გაიტანა. პენალტის დანიშვნა არველაძის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან დაკარგა ბურთი, დინამოელთა შემტევი კი გიორგი ხიდეშელმა წააქცია.

56-ე წუთზე ვატო არველაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა. ჩიტეიშვილმა და სიხარულიძემ ბურთი კარგად გაითამაშეს, ლოკოს ბომბარდირმა არველაძე კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. გოლამდე, ვატომ დინამოს მცველი კობოური ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და რევიშვილს ვარდნაში გაუტანა.

ლოკომოტივს დინამოსთან მატჩში ფან-კლუბი გულშემატკივრობდა, რომელიც 16 ივლისს გამართული ფან-კემპის შემდეგ ჩამოყალიბდა. 50-მდე გულშემატკივარი, ჩვენს გუნდს მთელი მატჩის მანძილზე შეძახილებითა და სიმღერებით ამხნევებდა.


მატჩის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა დააფიქსირა. ლოკოს მცველს, საგოლე გადაცემა გეგა დიასამიძემ გაუკეთა, რომელიც თამაშში 51-ე წუთზე, გიორგი გოროზიას ნაცვლად ჩაერთო.

დინამოსთან გამარჯვების შემდეგ, დევდარიანის გუნდს 30 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, ლოკომოტივი საბურთალოს დაუპირისპირდება. მატჩი 6 აგივსტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:30 წუთზე გაიმართება.


ლოკომოტივი:
თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ანდრონიკაშვილი (რეხვიაშვილი 55), ხიდეშელი, ქავთარაძე, ჭანტურია, სამურკასოვი, გოროზია (დიასამიძე 51), კიკნაძე, არველაძე (კიკაბიძე 73), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: სამურკასოვი (64), კიკნაძე (68)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

more news