ლოკო საგარეჯოს გარეჯთან შეხვედრისთვის ემზადება
ლოკო საგარეჯოს გარეჯთან შეხვედრისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი საგარეჯოს გარეჯთან, ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურის გადადებული შეხვედრის ჩასატარებლად ემზადება.
ლოკომოტივსა და გარეჯს შორის მატჩი 29 აგვისტოს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო და ხვალ, 27 სექტემბერს მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.
უკანასკნელი ორი ტურია საგარეჯოს გარეჯი გამარჯვებას ვერ ახერხებს. ჩვენმა მეტოქემ ჯერ ვიტ ჯორჯიასთან ითამაშა ფრედ, შემდეგ კი უშუალო კონკურენტთან, ფოთის კოლხეთი 1913-თან წააგო. ამ მომენტისთვის გარეჯსა და ფოთს 55-55 ქულა აქვთ და ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ/მეორე ადგილებს იყოფებენ.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ლოკომ ბოლო 2 ტურში 4 ქულა მოაგროვა. ფოთთან 1:1 ვითამაშეთ, ხოლო თბილისის მერანი სტუმრად 2:0 დავამარცხეთ. ამჟამად ლოკომოტივი გათამაშების ცხრილში 23 ქულით მე-8 ადგილზეა.
თბილისის ლოკომოტივმა და გარეჯმა მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ ითამაშეს. პირველი დაპირისპირება ლოკომ 3:0 მოიგო. გოლები კურტანიძემ, კიკნაძემ და კალანდაძემ გაიტანეს. მეორე თამაშში ჩვენი გუნდი დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ლოკოს მხრიდან გოლების გატანა ოზბეთელაშვილმა და კურტანიძემ მოახერხეს.
ჩვენი გუნდისთვის გამორჩეული იყო 2019 წელს გარეჯთან საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვება. მაშინ მეტოქე 3:2 სიხარულიძის, ჭანტურიასა და შონიას გოლებით დავამარცხეთ.
გუნდებს შორის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.