ლოკომოტივი ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ლოკომოტივი ზედიზედ მეორედ დამარცხდა
9 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონმა ეროვნული ლიგის ძალიან საინტერესო და პრინციპულ მატჩს უმასპინძლა. „ლოკომოტივი“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა. თბილისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში, გუნდს მოედანზე პირველად გამოუძღვა გიორგი ჭიაბრიშვილი და ეს ფაქტი, ამ შეხვედრას დამატებით ინტერესს სძენდა.
მატჩის დაწყებამდე, „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ნიკა ჭანტურიას, რომელმაც თბილისური კლუბის შემადგენლობაში 150-ე, საიუბილეო მატჩი ჩაატარა.
საწყის წუთებში, „ლოკომოტივი“ უფრო მოტივირებულად გამოიყურებოდა. ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა რამდენჯერმე აანერვიულეს სტუმართა დაცვა. ცენტრში ართმევაზე კარგად გამოიყურებოდა თბილისელთა ნახევარდაცვა.
თუმცა, პირველი ბურთი „ლოკომოტივმა“ საკუთარ კარში მიიღო. ბათუმელებმა მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვეს ჯოვინო ფლამარიონი და ბრაზილიელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. 25-ე წუთზე კი, თბილისელთა მეკარის შეცდომის შემდეგ, ბათუმელებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. თავი კვლავ ფლამარიონმა გამოიჩინა. 34-ე წუთზე, მალხაზ გაგოშიძის გოლის შემდეგ, „ლოკომოტივი“ უკვე 0:3 აგებდა. ტაიმიც, სწორედ, ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში გიორგი ჭიაბრიშვილმა ზედიზედ ორი შეცვლა გააკეთა და მოედანზე დათო კირკიტაძე და მამია გავაშელიშვილი შემოუშვა. მალევე, მათ თორნიკე კირკიტაძეც შეუერთდა. „ლოკომოტივის“ შეტევები სამივე შემტევმა გამოაცოცხლა. მამია გავაშელიშვილმა კი, მწვრთნელს იმედები მალევე გაუმართლა და 59-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.
თუმცა, მატჩის მიწურულს, სტუმრებმა კიდევ ერთხელ შეძლეს მამარდაშვილის კარის აღება. შეხვედრაში წერტილი ჯაბა ჯიღაურმა დასვა - 1:4 და „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო.
ლოკომოტივი 1:4 დინამო ბთ (0:3)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, ჭანტურია (C), კაპანაძე, გაბაძე, შონია, დარცმელია, სამურკასოვი (თ.კირკიტაძე 58), კობახიძე (დ.კირკიტაძე 51), არველაძე (გავაშელიშვილი 53), სიხარულიძე
გოლი: გავაშელიშვილი (59)
გაფრთხილება: შონია
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი