ლოკომოტივმა რუსთავი დაამარცხა
ლოკომოტივმა რუსთავი დაამარცხა
კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ჩემპიონატის მე-10 ტური რუსთავში ტექნიკურ ბაზაზე რუსთავის "რუსთავისა" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩით დაიწყო. გათამაშების ქვედა პოზიციებზე მყოფი გუნდებისთვის აღნიშნული შეხვედრა პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო. მატჩის დებიუტშივე ლოკომოტივი დაწინაურდა, თორნიკე კირკიტაძემ ფლანგიდან გაამწვავა თამაში, საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და რუსთაველთა მცველმა ლუკა გადრანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, თავის მხრივ ლოკომოტივი დამშვიდდა და მეორე ნომრად თამაშზე გადაერთო. რუსთაველები აქტიურად უტევდნენ ფლანგებიდან და რამდენჯერმე შორიდანაც დაარტყეს, ყველა დარტყმულზე დემეტრე ბულისკერია საიმედოდ თამაშობდა და მაყურებელს რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივიც შესთავაზა. პირველ ნახევარში გუნდებმა მეტის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმშიც ლოკომოტივი მეორე ნომრად თამაშობდა, თავს კარგად იცავდა და მწვავე კონტრშეტევებზე გადადიოდა. მეორე ნახევარში რუსთაველებმა რეალურად სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს, ლოკომოტივმა კი თავისი შანსი გამოიყენა, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადატანილ ბურთს ჭკვიანური გაგრძელება დავითაშვილმა უპოვა, ამ უკანასკნელმა სივრცეში ბურთი კირკიტაძეს გააყოლა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და რუსთაველთან კარში მეორე გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში გუნდებს მომენტი აღარ შეუქმნიათ და ლოკომოტივმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ლოკომოტივი: ბულისკერია, ძებნიაური, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა, შონია, სამურკასოვი, კობახიძე, დავითაშვილი, კირკიტაძე, სიხარულიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: გვალია, ჯიქია, გოროზია.