ოქროს ქულა გორიდან და კაშიას სადებიუტო გოლი

ოქროს ქულა გორიდან და კაშიას სადებიუტო გოლი
03/04/2021

ოქროს ქულა გორიდან და კაშიას სადებიუტო გოლი

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, ლოკომოტივმა პირველი მატჩი სტუმრად, ბათუმის დინამოსთან გამართა, ოღონდ, გორში, სადაც, ჯერჯერობით, ბათუმელები საშინაო მატჩებს ატარებენ. თბილისელები მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ - ტრავმების გამო, გიორგი ჭიაბრიშვილს დავით უბილავა და სანდრო გურეშიძე დააკლდა.

 

მატჩის მე-5 წუთზე, ბათუმელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა თორნიკე კირკიტაძე და მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მამარდაშვილის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად მამუჩაშვილმა აქცია და მასპინძლები დაწინაურდნენ. დარტყმა შორეული იყო და ვერ ვიტყვით, რომ ლოკოს გოლკიპერს გუნდის გადარჩენა არ შეეძლო.

 

მე-19 წუთზე, დარცმელიას სახიფათოდ ჩაწოდებულ საჯარიმო დარტყმას, ირაკლი სიხარულიძის თავური მოჰყვა. ბურთი შორეული კუთხისკენ წავიდა, თუმცა, კუპატაძის კარს მცირედით ასცდა.

 

ტაიმის ბოლომდე, ლოკომოტიველებს სახიფათო მომენტები აღარ შეუქმნიათ. მასპინძლებმა კი, პირიქით, რამდენჯერმე დაარტყეს მამარდაშვილის კარის მიმართულებით. სიტუაცია 41-ე წუთის შემდეგ შეიცვალა. შონიას წაქცევისთვის, ბათუმელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. იმრანმა ბურთი რბილად ჩაკიდა; იქ კი, ყველას გურამ კაშიამ აჯობა და ლოკოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ტაიმი ფრედ - 1:1 დასრულდა.

 

მეორე ტაიმში, თამაში თანაბარი გახდა, მაგრამ კარისკენ უფრო ხშირად ბათუმელები ურტყამდნენ. გახშირდა ჯარიმებიც. 62-ე წუთზე, საქმეში ჩართვა გიორგი მამარდაშვილს მოუწია. მამუჩაშვილის საჯარიმო დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, ბურთი კარში მიდიოდა და ლოკოს მეკარემ გუნდი აშკარად იხსნა. რამდენიმე წუთში კი, მორიგი შედევრი შემოგვთავაზა, როცა საოცრად რთული ბურთის მოგერიება მოუხდა. ბათუმელები ზეწოლას აძლიერებდნენ. ლოკომოტივი 86-ე წუთზეც გადარჩა, როცა მანჯგალაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა.

 

საბოლოოდ, 1:1. ლოკომოტივი შინ მნიშვნელოვანი ქულით დაბრუნდა.

 

 

 

დინამო ბთ 1:1 ლოკომოტივი (1:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, მჭედლიშვილი (გავაშელიშვილი 70), შონია (C), დარცმელია, იმრანი, სამურკასოვი (კახაბრიშვილი 53), კირკიტაძე, სიხარულიძე (იაკობიძე 78)

 

გოლი: კაშია (41)

 

გაფრთხილება: სამურკასოვი, სანდოხაძე, გავაშელიშვილი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news