ლოკომოტივის მორიგი გამარჯვება, სტუმრად ჩიხურასთან

ლოკომოტივის მორიგი გამარჯვება, სტუმრად ჩიხურასთან
26/05/2018

ლოკომოტივის მორიგი გამარჯვება, სტუმრად ჩიხურასთან

მოქმედი ჩემპიონის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივმა საქართველოს თასის მოქმედი მფლობელიც დაამარცხა. 26 მაისს, ივანწმინდაში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა ჩიხურას 1-3 მოუგო.

ტორპედოსთან მატჩის შემდეგ, ლოკოს მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალა. 11 თვიანი პაუზის შემდეგ, განაცხადში დაბრუნდა რატი არდაზიშვილი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა გადაიტანა.

მატჩი სანახაობრივად, ორმხრივ შეტევებში წარიმართა, რაც გატანილ გოლებშიც აისახა. ანგარიში მე-4 წუთზე, ლოკოს ყოფილმა წევრმა ირაკლი ბუღირძემ გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ლოკოს წონასწორობის აღდგენა მალევე შეეძლო, თეიმურაზ შონიას შორეული დარტყმა ჯერ დინო ჰამზიჩმა მოიგერია, შემდეგ ძელს მოხვდა.

მალევე, გატანის კარგი შანსი ჰქონდა მამია გავაშელიშვილს, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

36-ე წუთზე, დავით უბილავას აქტიურობისა და ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოდან ბურთი კარში თეიმურაზ შონიამ, თავური დარტყმით გადაგზავნა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარი ლოკომ აქტიურად დაიწყო და სრულ უპირატესობას დაეუფლა. გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ დავით ჯიქიასა და მამია გავაშელიშვილს, თუმცა ლოკოს ფორვარდები დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტად მოქმედებდნენ.

59-ე წუთზე, ოთარ კობახიძის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, ბურთი საჯარიმოში გავაშელიშვილმა მიიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მამიას ჰამზიჩმა აჯობა, დამატებაზე ყველას უბილავამ დაასწრო და ლოკომოტივი დააწინაურა.

ამ მომენტამდე ერთი წუთით ადრე, ტრავმირებული შონია ლაშა გვალიამ შეცვალა. გოლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, კობახიძის ნაცვლად თამაშში რეზი ინჯგია ჩაერთო, რომელმაც სადებიუტო მატჩი დინამო თბილისის წინააღმდეგ ჩაატარა.

ბოლო ცვლილება ჭაღიაშვილმა მე-80 წუთზე განახორციელა, დაჩი ცნობილაძემ ლუკა კიკაბიძე შეცვალა. ჩიხურა ბოლო წუთებში ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და შეტევაში დიდი ძალებით წავიდა, რამაც ლოკოს კონტრშეტევების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

78-ე წუთზე მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ, ირაკლი ლექვთაძის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან ნიკა ჭანტურიამ გამოიტანა. ამ ეპიზოდის შემდეგ, ლოკოს მე-4 ნომერს ექიმების დახმარება დასჭირდა.

მატჩის კომპენსირებულ დროში, რეზი ინჯგიამ საჩხერელთა მცველ მეგრელიშვილს ორთაბრძოლაში აჯობა და საჯარიმოში ჯიქია მოძებნა. ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

13 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 14 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ჩვენი გუნდი საბურთალოს წინააღმდეგ, 10 ივნისს გამართავს.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, შონია (გვალია 58), ძებნიაური, კიკაბიძე (ცნობილაძე 80), გავაშელიშვილი, კობახიძე (ინჯგია 70), ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ძებნიაური (38), ლობჟანიძე (71), ჯიქია (84)

არბიტრი: ა.ნონიკაშვილი

more news