საიუბილეო გოლი და ფრე ქობულეთის შუქურასთან
საიუბილეო გოლი და ფრე ქობულეთის შუქურასთან
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ქობულეთის შუქურასთან ფრე ითამაშა. 4 ნოემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
გიორგი დევდარიანის გუნდი ორჯერ აგებდა, თუმცა გათანაბრება ორივე შემთხვევაში მოახერხა და 53 ქულა მოაგროვა.
შუქურასთან, ლოკომოტივს ვატო არველაძე დაუბრუნდა, რომელმაც წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ლევან ქურდაძემაც, მარცხენა მცველის პოზიციაზე, გუნდის კაპიტანი, დისკვალიფიცირებული დავით უბილავა გიორგი რეხვიაშვილმა ჩაანაცვლა.
მატჩი შეუცვლელად ჩაატარა დავით სამურკასოვმა, რომელსაც დინამო თბილისთან დაპირისპირების შემდეგ, დისკვალიფიკაციიის გამო არ უთამაშია.
ანგარიში მე-19 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა, შუქურას შემტევმა მარსელინიომ გოლით დაასრულა.
ლოკომოტივმა წონასწორობა მალევე აღადგინა. 26-ე წუთზე, თავი გიორგი რეხვიაშვილმა გამოიჩინა. ლოკოს მცველმა, მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
57-ე წუთზე, შუქურა კიდევ ერთხელ დაწინაურდა. სტუმრებმა სტანდარტული მდგომარეობა გამოიყენეს, გოლი ამჯერად მეორე ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფინიომ გაიტანა.
65-ე წუთზე, დევდარიანმა თამაშში 18 წლის ნახევარმცველი, ლუკა სილაგაძე ჩართო. ლოკოს დებიუტანტმა ვატო არველაძე შეცვალა. ზუსტად 7 წუთში, სილაგაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგ თავი გეგა დიასამიძემ გამოიჩინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
დიასამიძემ კლუბის ისტორიაში მე-600, საიუბილეო გოლი გაიტანა. მის გოლამდე, ლოკომოტივს, ეროვნული ლიგის ისტორიაში 599 გოლი ჰქონდა გატანილი.
დევდარიანის გუნდი 53 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, ლოკომოტივი სტუმრად, გორის დილას დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი: თევდორაძე (კაპ), რეხვიაშვილი, კობახიძე, ლ.ქურდაძე, გაბაძე, სამურკასოვი, დიასამიძე (გაბრიჩიძე 77), გოროზია (გვალია 51), ქავთარაძე, არველაძე (სილაგაძე 65), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: კობახიძე (68), დიასამიძე (69)
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი