თბილისის ლოკომოტივმა იბერია 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა იბერია 2 დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეშვიდე ტურის მატჩი თბილისის ლოკომოტივმა საგურამში იბერია 2-თან ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.
შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ლოკომ ანგარიში მე-19 წუთზე შაშიაშვილის გოლით გახსნა. ლაშა კალანდაძის პასით შაქრო დვალიშვილმა 26-ე წუთზე ჩვენი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
გივი ხაჩიძის გოლით ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე იბერია 2-მა სხვაობა შეამცირა, თუმცა ლოკომ მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო და ლაშა მენთეშაშვილმა მე-60 წუთზე ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
გუნდებმა გოლები მატჩის მიწურულს გაცვალეს, იბერიელთაგან დანიელ ქვარცხავამ გამოიჩინა თავი, ხოლო საბოლოო ანგარიში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, ლუკა კეკელიძემ 88-ე წუთზე დააფიქსირა.
ეს გამარჯვება ლოკოსთვის სეზონში პირველი იყო, აქამდე ჩვენს გუნდს 4 მატჩი ფრედ ჰქონდა დასრულებული. შედეგად, ცხრილში მე-6 ადგილზე გადავინაცვლეთ. მომდევნო ტურში, 24 აპრილს ლიდერ სპაერს ვუმასპინძლებთ.