თურქეთის ნაცვლად ესპანეთში - ლოკო შეკრებაზე მიემგზავრება
თურქეთის ნაცვლად ესპანეთში - ლოკო შეკრებაზე მიემგზავრება
ლოკომოტივმა ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ინტენსიურ წვრთნას თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გადიოდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ლოკო უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა; თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან.
თბილისური შეკრების ფარგლებში, ლოკომოტიველებმა ოთხი ტესტ-მატჩიც გამართეს. პირველ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა გარეჯი. ამის შემდეგ, ლოკომ 1:1 ითამაშა საბურთალოსთან; დინამო ბათუმთან 1:2 დავმარცხდით, ხოლო თბილისში გამართულ ბოლო ტესტ-მატჩში, ჭიაბრიშვილის გუნდმა გაგრასთან სამბურთიანი სხვაობით წააგო.
6 თებერვალს, ლოკომოტივი ესპანეთში, ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს:
8 თებერვალი - ლოკომოტივი Vs როსტოვი (რუსეთი)
11 თებერვალი - ლოკომოტივი Vs კრასნოდარი (რუსეთი)
14 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ლოკომოტივი მოსკოვი (რუსეთი)
17 ან 18 თებერვალი - მალაგა Vs ლოკომოტივი
ლოკომოტივი თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებამდე, 1 კვირა მზადებას დედაქალაქში გააგრძელებს.