ლაშა ჭაღიაშვილი - ჩვენი ძირითადი ამოცანა აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება იყო
ლაშა ჭაღიაშვილი - ჩვენი ძირითადი ამოცანა აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება იყო
თბილისის ლოკომოტივი 2-მა ეროვნულ ლიგა 3-ში 2023 წლის სეზონი მეათე ადგილზე დაასრულა. სეზონის მანძილზე ლოკო 2-ში ჩვენი აკადემიის რამდენიმე მოთამაშე დაწინაურდა.
საინტერესოა ისიც, რომ ლოკო 2-დან რამდენიმე ფეხბურთელი ლოკომოტივის ძირითად გუნდშიც მოხვდა. გასულ სეზონთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ლოკო 2-ის მთავარ მწვრთნელს, ლაშა ჭაღიაშვილს ვთხოვეთ.
„2023 წლის სეზონი ლოკო 2-ისთვის შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ მე-10 პოზიციის დაკავება შევძელით. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება აკადემიიდან, რაც შევასრულეთ კიდეც, როგორც U19 დან, ასევე U17 გუნდებიდან.
პირველივე სეზონში მათ საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი ლიგა-3 ში. ეტაპობრივად, სეზონის მანძილზე, დაახლოებით, 10 ფეხბურთელი მოხვდა ლოკომოტივის პირველ გუნდში, მათ შორის 18 წლის 2 ლეგიონერი ზამბიიდან.
მსურს, მადლობა გადავუხადო რევაზ გოცირიძეს, რომელმაც ყველას, ვინც კი თავი გამოიჩინა ლიგა 3-ის თამაშებში, მისცა საშუალება, პირველ გუნდში მოესინჯათ ძალები. ასევე რამოდენიმე მოთამაშე სისტემატურად ხვდებოდა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში (ბუკია, ნინიძე). წლის ბოლოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს მეტრეველი.
ლოკო 2-ის რამდენიმე ფეხბურთელმა პირველ გუნდში, ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. მათ გატანილი გოლებითა და ასისტებით არაერთხელ გამოიჩინეს თავი - ფრენკი, ოზბეთელაშვილი. სხვა ფეხბურთელებმაც მოსინჯეს ძალები ეროვნულ ლიგა 2-ში, ისინი ასევე აქტიურად ვარჯიშობდნენ პირველ გუნდთან ერთად.
ლიგა 3-ში ძალიან კარგები იყვნენ ნინიძე და ონიანი. სეზონის ბოლოს 17 წლის მეტრეველმა და ჩოხელმა წარმოაჩინეს სათანადოდ საკუთარი შესაძლებლობები. იყვნენ სხვა ფეხბურთელებიც, რომლებმაც კარგი თამაშები ჩაატარეს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს და, რა თქმა უნდა, სტაფის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის.
საერთო ჯამში, ლიგა 3-ში ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშები მიმდინარეობდა, მითუმეტეს რეგიონებში. გუნდების უმრავლესობას ჰყვას ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები, რაც ასევე ართულებს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის თამაშს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ფეხბურთელებმა კარგად გაართვეს თავი მოცემულ სეზონს.
რაც შეეხება მომდევნო სეზონს, ვფიქრობ, უფრო საინტერესო გამოვა, რადგან ჩვენს მოთამაშეებს მეტი გამოცდილება და მოტივაცია ექნებათ. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, მათი განვითარება და ხელშეწყობა იქნება.
დიდი შემართებითა და მონდომებით ველოდები ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც ჩვენს აკადემიას სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ჰყავს. მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო მათ დიდ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ლაშა ჭაღიაშვილმა.