"ფეხბურთს განათლებული და მოაზროვნე მოთამაშეები სჭირდება"

"ფეხბურთს განათლებული და მოაზროვნე მოთამაშეები სჭირდება"
23/07/2017

"ფეხბურთს განათლებული და მოაზროვნე მოთამაშეები სჭირდება"

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის, 15 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, მისი გუნდის ნაჩვენებ შედეგს აფასებს.

 

ლოკომოტივის ვებგვერდთან ინტერვიუში, მაისურაძე შედეგების გარდა, მოზარდი ფეხბურთელების განვითარების ეტაპებისა და მათთვის საჭირო, აუცილებელი თვისებების შესახებ საუბრობს.

 

"აკადემიის 15 წლამდე გუნდი სრულფასოვნად იანვარში ჩამოყალიბდა.

 

თუ გადავხედავთ სატურნირო ცხრილს, ვნახავთ რომ შედეგის კუთხით არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ეს ერთი მთავარი ფაქტორიდან გამომდინარეობს, ჩემს გუნდში მყოფ ფეხბურთელებს, თამაში ერთი წლით უფროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებთან უწევთ.


ამ ასაკში, ერთი წელი ძალიან დიდი სხვაობაა და ეს აისახება როგორც ტექნიკასა და სისწრაფეში, ისე ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაში.

 

შესაბამისად, ამ კომპონენტებში სხვა გუნდების წინააღმდეგ დავიჩაგრეთ. მაგრამ, მთავარია ჩემს გუნდს აქვს სახე და გარედანაც ჩანს, რომ ფეხბურთელები ცდილობენ სწორად თამაშს. ეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია". - ამბობს მაისურაძე.

 

მისი თქმით 15 წლამდე გუნდს გაძლიერება რამდენიმე პოზიციაზე სჭირდება. გუნდის შევსების მიზნით, ივნისში, საგურამოს ბაზაზე, 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის შესარჩევი ვარჯიშები ჩატარდა.


"გუნდს რამდენიმე პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება და ჩვენ, ამ მიზნით 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის, შესარჩევი ვარჯიშები ჩავატარეთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებდნენ.

გამორიცხულია, ლოკომოტივის აკადემიაში რომელიმე ფეხბურთელის შრომა ან ნიჭი შეუმჩნეველი დარჩეს, იქნება ეს შესარჩევ ვარჯიშებზე მოსული ფეხბურთელი თუ რომელიმე გუნდის მოქმედი წევრი.

 

თანაც, რომელიმე კონკრეტულ ასაკში მხოლოდ ერთი მწვრთნელი არ მუშაობს, გვყავს მაღალი დონის ასისტენტები და მიმდინარეობს ფეხბურთელის შეფასება ყველა მიმართულებით". - თქვა 15 წლამდე გუნდის მწვრთნელმა.

 

მაისურაძის თქმით, ლოკომოტივის აკადემიის მიზანი, მთავარი გუნდისა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა.

 

ამ ეტაპზე, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს ლოკომოტივის აკადემიისა თუ პირველი გუნდის მოქმედი წევრი. 15 წლამდე გუნდის მწვრთნელი, მოზარდები ფეხბურთელებისთვის აუცილებელი თვისებების შესახებაც საუბრობს.


"სისწრაფის, ტექნიკისა და ფიზიკური მომზადების გარდა, დღევანდელ ფეხურთელს ალბათ ყველაზე მეტად აზროვნება სჭირდება. მნიშნველოვანია რომ ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო, სასკოლო პროგრამას და იღებდნენ ზოგად განათლებას.

 

აკადემიისა და ყველა მწვრთნელის მთავარი მიზანი კი რა თქმა უნდა, ლოკომოტივის პირველი გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და შეეძლებათ გამართული ფეხბურთის თამაში.

 

ეს ადვილი მისაღწევი არ არის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გარემო და პირობა შევქმნათ მათთვის. 

 

ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმაც მიიღონ შევსება ლოკომოტივის აკადემიიდან. თუ დღევანდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ ყველა ნაკრებში თამაშობს ჩვენი აკადემიის რამდენიმე ფეხბურთელი". - განაცხადა მაისურაძემ.

 

more news