მნიშვნელოვანი 3 ქულა - ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა

მნიშვნელოვანი 3 ქულა - ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა
04/08/2018

მნიშვნელოვანი 3 ქულა - ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა. 4 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათდარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-2 მოიგო.

მატჩის გმირი მამია გავაშელიშვილი გახდა, რომელმაც სტუმრებს დუბლი შეუსრულა.

დისკვალიფიკაციის გამო, სამტრედიასთან მატჩში, ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა ვერ დაეხმარა. მისი ადგილი, დაცვის მარცხენა ფლანგზე ირაკლი კომახიძემ დაიკავა, კაპიტანი კი ნიკა ჭანტურია იყო.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. რეალური საგოლე მომენტის შექმნა არცერთ გუნდს არ გამოუვიდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე, გიორგი ახალაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ლოკომ ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში შეძლო. ოთარ კობახიძის კარგი პასის შემდეგ, საჯარიმოში, დასწრებაზე თამაში შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ სცადა, თუმცა მას გიორგი გურულმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

79-ე წუთზე, ლოკომოტივი მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. ლოკოს ფორვადმა საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ ოთარ კობახიძესა და ზურიკო დავითაშვილს. პირველ შემთხვევაში კობახიძეს სიზუსტე დააკლდა, დავითაშვილს კი სტუმართა მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამტრედიამ ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. საჯარიმოში, სტუმართა შემტევი გიორგი გაბაძემ წააქცია, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

გამარჯვების გოლის ავტორი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გავაშელიშვილი გახდა. მამიამ, საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა.

19 ტურის შემდეგ, ლოკომოტივმა 22 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 12 აგვისტოს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: შეროზია, კომახიძე, ლობჟანიძე, ჭანტურია (კაპ), გაბაძე, ძებნიაური, გვალია (შონია 64), სამურკასოვი (დავითაშვილი 74), კობახიძე, კიკაბიძე (ინჯგია 58), გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გაბაძე (8)

არბიტრი: ი.კვირიკაშვილი

more news