გია ჭიაბრიშვილი: წყვილში ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით
გია ჭიაბრიშვილი: წყვილში ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. თბილისის ლოკომოტივის მეტოქე მოსკოვის დინამო იქნება და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთრაუნდიან დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი წილისყრის შედეგებს და მომავალ მეტოქეს აფასებს:
გიორგი ჭიაბრიშვილი: „პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.
მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა.
გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.
ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით, ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის დინამოსთან მატჩზე.“