ისტორია

კლუბის ისტორია

 

საფეხბურთო კლუბი თბილისის ლოკომოტივი 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. კლუბი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა.

მასში გაერთიანებული იყვნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები.

ასევე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში დაქვემდებარებული უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.



ლოკომოტივი თამაშობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ჩემპიონატების უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1947-1948 და 1957-1970), მეორე (1936-1937, 1981-1982, 1984-1986 და 1988-1989) ლიგებსა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-1956, 1971-1975 და 1983).

ლოკომოტივმა 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1988-1989 წლებში ჩვენი გუნდი ომც ლოკომოტივის სახელით თამაშობდა. 1990-1993 წლებში კლუბი მერანის, ხოლო 1993-1995 წლებში კი მერანი-ბაჩოს სახელს ატარებდა.

1990 წლიდან ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების უმაღლეს (1997), პირველ (1991-1995 და 1996-1997) და მეორე (1990-1991) ლიგებში იღებდა მონაწილეობას.



ამ პერიოდიდან ლოკომოტივი საქართველოს რკინიგის მფლობელობაში იყო და კლუბსაც სწორედ ეს ორგანიზაცია აფინანსებდა. ლოკომოტივის, უშუალოდ რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აკაკი ჩხაიძე ხელმძღვანელობდა.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ლოკომოტივმა პირველ წარმატებას 1997 წელს მიაღწია, როცა გუნდი საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2001 და 2002 წელს, კლუბი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ზედიდზედ ორჯერ გახდა.

2000 და 2002 წელს, ლოკომოტივმა საქართველოს თასი და შესაბამისად, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება ორჯერ მოიპოვა.



ამ პერიოდის შემდეგ, ლოკომოტივის პრეზიდენტი ლექსო თოფურია გახდა, რომელმაც კლუბში მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორიელა.

2004 წელს, მან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტისგან, კლუბის აქციების 75% პროცენტი გამოისყიდა. 25 %-იანი წილის მფლობელი კი ირაკლი მაჭავარიანია, რომელმაც კლუბის აქციები ქონების მართვის სააგენტოსგან შეიძინა.

2005 წელს, ლოკომოტივმა მესამედ მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი.



ამავე წელს, ლექსო თოფურიასა და კლუბის მაშინდელი დირექტორის, ლევან ყიფიანის ინიციატივით, დაიწყო საგურამოს ბაზის მშენებლობა.

ამჟამად, ლოკომოტივის ბაზის 70 % ჩვენი კლუბის, ხოლო 30 % საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მფლობელობაშია.

ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ, ლოკომოტივმა დაარსა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რომელიც თბილისისა და საგურამოს მოედნებზე ფუნქციონირებს. აკადემია თვითდაფინანსებადი სტრუქტურაა, რომელიც 12 ასაკობრივ გუნდსა და 300-მდე ფეხბურთელს აერთიანებს.