დავიწყეთ - ლოკოს აკადემიამ ვარჯიშები განაახლა
17/01/2021
დავიწყეთ - ლოკოს აკადემიამ ვარჯიშები განაახლა
18 იანვრიდან, ზამთრის შესვენების შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიამ ვარჯიშები განაახლა. მძიმე და რთული 2020 წლის შემდეგ, აკადემია ახალ წელს ახალი გეგმებით ხვდება. სიახლეებსა და გეგმებზე, ჩვენი აკადემიის მენეჯერი - დავით ყიფიანი გვესაუბრება.
- გასული წლის სირთულეების გათვალისწინებით, როგორ დაიგეგმა 2021 წელი?
- 2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის და შესაბამისად, ჩვენი აკადემიისთვისაც. გასული წლის პირველ ნახევარში, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ვარჯიშების სრულფასოვნად ჩატარება და გარკვეული პერიოდი, ონლაინ რეჟიმში გვიწევდა ფეხბურთელებისთვის სახლის პირობებში ვარჯიშების გაგზავნა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, აკადემიამ მაინც შეძლო სრულფასოვან ვარჯიშებზე გადასვლა; რისთვისაც, მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიის სტაფს, მწვრთნელებსა და ექიმებს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძელით წლის დასრულება. რაც შეეხება 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, როგორც გვქონდა დაგეგმილი, 18 იანვრიდან, აკადემიის ყველა ასაკობრივმა ჯგუფმა სავარჯიშო პროცესი განაახლა.
- რა სიახლეები იქნება აკადემიაში ახალი სეზონიდან?
- ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ახლა ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენთან იქნება, არის ის, რომ იგეგმება „მეორე გუნდის“, ანუ ლოკომოტივის დუბლშემადგენლობის გაკეთება, რომელიც, პირველ ეტაპზე, საქართველოს რანგით მეხუთე ლიგაში დაიწყებს ასპარეზობას. ამ გუნდს ექნება მიზანი - ყოველწლიურად დაწინაურდეს რანგით შემდგომ ლიგაში. დუბლშემადგენლობის ყოლა, ასევე, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ ის პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებიც უკვე ასრულებენ აკადემიას, თუმცა, სჭირდებათ გარკვეული პერიოდი, რომ პირველ გუნდში მოახდინონ ინტეგრირება.