იწყება რეგისტრაცია მამების თასზე მონაწილეობის მისაღებად
იწყება რეგისტრაცია მამების თასზე მონაწილეობის მისაღებად
საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში, 25 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი — მამების თასი წელს მეხუთედ გაიმართება. პროექტის ორგანიზებაში ასევე ჩართულები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together.
პროექტი 2017 წლიდან იმართება და ყოველწლიურად მისადმი დაინტერესება იზრდება. წელს მამების თასში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს. თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს 8-12 წლის, მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილისგან: ორი გოგო და ორი ბიჭი (შესაძლებელია, გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში), ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს.
მონაწილეებმა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. დარეგისტრირება შეგიძლია ამ ბმულზე
მამების თასის მონაწილეებს სამახსოვროდ მაისურები გადაეცემათ. გამარჯვებული სამი გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ბურთებსა და ბრენდირებულ საჩუქრებს მიიღებს. ხოლო, პირველ ადგილზე გასული გუნდი ბავშვთა-გასართობი ცენტრის „Magic City-ს“ ვაუჩერებსა და სპეციალურ თასს.
ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შვილების ცხოვრებაში მამების ჩართულობის და სპორტში ბიჭებისა და გოგოების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას.
ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.