ლაშა ჭაღიაშვილი: აბსოლუტურად ყველა ჩვენი დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობს
ლაშა ჭაღიაშვილი: აბსოლუტურად ყველა ჩვენი დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობს
თითქმის 2 თვის წინ, „ლოკომოტივის“ აკადემიამ, რეკომენდაციების გათვალისწინებით, საწვრთნელი პროცესი შეაჩერა. მას შემდეგ კი, რაც ფეხბურთელებისთვის სპეციალური პროგრამები შემუშავდა, აკადემიის გუნდებმა ვარჯიში განაახლეს.
გთავაზობთ ინტერვიუს ლაშა ჭაღიაშვილთან, სადაც „ლოკომოტივის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი თავად მოგვიყვება თუ რა ვითარებაა ამჟამად, როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი და მისი მონიტორინგი.
- ლაშა, რა ხდება აკადემიაში? როგორ შეძელით სავარჯიშო პროცესის აწყობა ამ უცნაურ ვითარებაში?
- პანდემიის გამო შეწყვეტილი სავარჯიშო პროცესიდან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ, სწრაფად მოგვეხდინა ამ მოცემულობასთან ადაპტირება. მენეჯმენტთან და მწვრთნელებთან კოორდინირებული მუშაობით, პირველივე დღეებიდან შევქმენით სავარჯიშო პროგრამები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ყველა ასაკის ფეხბურთელები ვარჯიშობენ იმ სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე, რისი საშუალებაც გვეძლევა.
რა თქმა უნდა, დაგვჭირდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რომ გუნდებთან და ფეხბურთელებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა. ასევე, გამარტივებულია მონიტორინგის პროცესიც და ვხედავთ, ვინ როგორ ასრულებს მიცემულ დავალებას.
- მოგვიყევით, რომელი ასაკი როგორ და რა სისტემით ვარჯიშობს.
- რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელებს სხვადასხვანაირი დატვირთვა აქვთ. 6-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ჩვენ შევქმენით ვიდეო-სავარჯიშოები, რომლებსაც მათ უგზავნიან მწვრთნელები. ეს სავარჯიშოები გათვლილია, ასე ვთქვათ, ეზოს, პატარა მოედნის ან სახლის პირობებში შესასრულებლად.
რაც შეეხება უფროს ასაკებს - 15, 17 და 19-წლამდე ფეხბურთელებს, ისინი უფრო ახერხებენ გარეთ გასვლას, მოედანზე, სკვერში და ინდივიდუალური დავალებების შესრულებას. ასევე, საწვრთნელ პროცესში ვიყენებთ სხვა თანამედროვე პროგრამებსაც, რისი მეშვეობითაც, მწვრთნელები ახერხებენ თავიანთ გუნდებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრებს და ეს ფეხბურთელებისთვის, გარკვეულწილად, სახალისოცაა.
ზემოთჩამოთვლილი, უფროსი ასაკის გუნდებისთვის, კვირაში სამჯერ ტარდება ორჯერადი ვარჯიშები, სადაც მწვრთნელები აქტიურად არიან ჩართულები და თითოეულ ფეხბურთელთან ინდივიდუალურად მუშაობენ. ასე რომ, აბსოლუტურად ყველა ჩვენი დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობს.
- რა გეგმა გაქვთ წლის ბოლომდე?
- ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე გადაივლის, კალაპოტში ჩადგება და ჩვენც, მუშაობის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. მოუთმენლად ველოდებით ამ სიტუაციიდან გამოსვლას.