2018 წელს ლოკომოტივის მთავარ გუნდში აკადემიის 7 წევრი დაწინაურდა
2018 წელს ლოკომოტივის მთავარ გუნდში აკადემიის 7 წევრი დაწინაურდა
2018 წლის ეროვნული ლიგა თბილისის ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა. გასული წლების მსგავსად, მთავარ გუნდში ამჯერადაც დაწინაურდა აკადემიის რამდენიმე წევრი.
წელს, ლოკომოტივში სადებიუტო სეზონი ჰქონდა ბექა ბუიღლიშვილს, თორნიკე ძებნიაურს, ლუკა ჯანაშიას, ლევან გრძელიძეს, ლაშა ოზბეთელაშვილს, შოთა შეყილაძეს და რევაზ ინჯგიას.
ამ შვიდი ფეხბურთელის გარდა, პირველი გუნდის წევრები არიან ლუკა ჯაფარიძე, ალექსანდრე ადრნონიკაშვილი და სანდრო შეწირული. სამივე მათგანმა ლოკოს მაისურით სადებიუტო მატჩი გასულ სეზონში ჩაატარა.
აკადემიის წევრებიდან, ეროვნულ ლიგაში, ყველაზე მეტჯერ თორნიკე ძებნიაურმა (20) და რევაზ ინჯგიამ (17) ითამაშა. ხუთი მატჩი ჩაატარა ლაშა ოზბეთელაშვილმა, სამი ლევან გრძელიძემ. ბექა ბუიღლიშვილმა, ლუკა ჯანაშიამ და შოთა შეყილაძემ თითო მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
აკადემიიდან დაწინაურებული შვიდივე ფეხბურთელი ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის წევრია. გარდა ამისა, შვიდივე მათგანი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს.
2018 წელს, ლოკოს აკადემიის 19 წლამდე გუნდი პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სულიკო დავითაშვილის გუნდმა მთელი სეზონი წაუგებლად ჩაატარა და 28 მატჩიდან 25 მოიგო.