ყოველწლიური დაჯილდოება - 2018

ყოველწლიური დაჯილდოება - 2018
26/12/2018

ყოველწლიური დაჯილდოება - 2018

თბილისის ლოკომოტივის ტრადიციულ, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამარჯვებული ექვს ნომინაციაში გამოვლინდა.

ლოკომოტივის, 2018 წლის საუკეთსო ფეხბურთელი

სეზონის შემაჯამებელი საღამოს მთავარი პრიზი თეიმურაზ შონიას ერგო. 28 წლის ნახევარმცველი ლოკომოტივის, 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

შონიას ლოკოში სადებიუტო სეზონი ჰქონდა. ეროვნულ ლიგაში მან 30 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.


ლოკომოტივის, 2018 წლის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი

აღნიშნულ ნომინაციაში, კონკურენტებს ზურიკო დავითაშვილმა აჯობა, რომელსაც თეიმურაზ შონიას მსგავსად, ლოკოში სადებიუტო სეზონი ჰქონდა.

17 წლის ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, დავითაშვილი სისტემატიურად, წარმატებით თამაშობდა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში.

2018 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებებში, მის ანგარიშზე 11 გატანილი გოლია.



ლოკომოტივის, 2018 წლის საუკეთესო გოლი

წლის საუკეთესო გოლის ავტორი ლუკა კიკაბიძეა. 23 წლის ნახევარმცველმა, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, მაშინდელი ლიდერის და ახლა უკვე ჩემპიონის, საბურთალოს კარი ლამაზ სტილში აიღო.

გარდა სილამაზისა, გოლს მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა სატურნირო თვალსაზრისით, რადგან კიკაბიძის გოლით, ლოკომოტივმა გათამაშების ლიდერთან ქულა მოიპოვა.


ლოკომოტივის, 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი

სულიკო დავითაშვილი, რომელიც ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდს სათავეში წლის დასაწყისში ჩაუდგა, ლოკოს აკადემიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ავტორი გახდა.

მისი ხელმძღვანელობით, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა 19 წლამდე ლიგის ბ ჯგუფი, შემდეგ კი ოქროს ლიგა წაუგებლად ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

შთამბეჭდავია ლოკოს 19 წლამდე გუნდის 2018 წლის სტატისტიკა. დავითაშვილის გუნდმა 28 მატჩი ჩაატარა და 139 გოლი გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.


ლოკომოტივის, 2018 წლის აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელი

რევაზ ინჯგია აღნიშნულ ნომინაციაში საუკეთესოა. მთელი წლის მანძილზე, ინჯგია 19 წლამდე გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. მან აკადემიის გუნდის შემადგენლობაში 28 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ინჯგიამ 17 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაშიც. მის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც 25 ნოემბერს, ბოლნის სიონის წინააღმდეგ გაიტანა.

ინჯგია სისტემატიურად თამაშობს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, ამჟამად იგი 19 წლამდე გუნდის წევრია.


ლოკომოტივის, 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი

აკადემიის 19 წლამდე გუნდის ჩემპიონობაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა, უშუალო კონკურენტ დინამო თბილისთან მაღალ დონეზე ჩატარებულმა მატჩებმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სტუმრად მოპოვებული ქულაა, სადაც ფაქტობრივად გადაწყდა 2018 წლის ჩემპიონის ბედი.

20 ოქტომბერს, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში, ლოკომოტივი მინიმალური ანგარიშით მარცხდებდა, როცა 84-ე წუთზე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ დინამოსთან გოლის გარდა, 2018 წელს ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კიდევ 8 გატანილი ბურთია. 19 წლის მცველი ნოემბერში, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებშიც მიიწვიეს.

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ორ ტურში, გორის დილასთან და რუსთავთან, ანდრონიკაშვილმა შეუცვლელად იასპარეზა.

more news