ბოლნისმა ლოკომოტივი დაამარცხა

ბოლნისმა ლოკომოტივი დაამარცხა
11/04/2019

ბოლნისმა ლოკომოტივი დაამარცხა

საქართველოს კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში  ლოკომოტივმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. 

 

შეხვედრა მასპინძლებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდნენ. მე-9 წუთზე ლოკოს სტუმრების შეტევა გამოეპარათ, მეკარესთან პირისპირ ჯაბა უგულავა გავიდა, დემეტრე ბულისკერიამ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და ბოლნისელთა შემტევი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა 11-მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. თერთემეტრიანი ზუსტად უგულავამ შეასრულა. 

გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომოტივი გათანაბრებას შეეცადა. რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა დარტყმებს სიზუსტე აკლდა. 26-ე წუთზე ლევან კორღალიძემ იძულებითი ცვლილება განახორციელა, ტრავმირებული დავით სამურკასოვის ნაცვლად თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო. მთელი ტაიმის განმავლობაში სიონი დაცვიდან თამაშობდა და კონტრშეტევებს ელოდა. ასეთი კონტშეტევის შემდეგ ვილი ისიანს მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად დარტყმა ვერ მოახერხა. პირველი ნახევარი 0:1 დასრულდა. 

 

მეორე ნახევარში სურათი არ შეცვლილა, ლოკომოტივი კვლავ ფლობდა ბურთს, ცდილობდა პოზიციურ შეტევებს. რამდენჯერმე დაარტყმა ოთარ კობახიძემ, სამწუხაროდ მისი დარტყმები არაზუსტი იყო. 70-ე წუთზე კიდევ ერთი  კონტრშეტევა წამოიწყო სიონმა, რომლის შედეგად უგულავა კვლავ მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა.  სიტუაციის გამოსასწორებლად კორღალიძემ ორივე შემტევი შემოიყვანა დავით ჯიქია და შოთა შეყილაძე, ამ უკანასკნელისთვის მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. შეყილაძე მატჩში კარგად ჩაერთო, გაამწვავა ლოკომოტივის შეტევები და აქტიოურობდა შეტევის მარჯვენა ფლანგზე. სწორედ მის წამოწყებულ შეტევას მოყვა თემურ შონიას ზუსტი დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან 1:2. 

 

ლოკომოტივს გასათანაბრებლად დრო აღარ ეყო, მასპინძლები ისევ დამარცხდენენ და გათამაშების ცხრილში 6 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ.  

more news