დაძაბულობა, დრამა და ლოკომოტივის 3 ქულა დინამო თბილისთან

დაძაბულობა, დრამა და ლოკომოტივის 3 ქულა დინამო თბილისთან
18/10/2019

დაძაბულობა, დრამა და ლოკომოტივის 3 ქულა დინამო თბილისთან

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში, პრინციპული დაპირისპირება შედგა დინამო არენაზე, სადაც „დინამო“ თბილისი „ლოკომოტივს“ მასპინძლობდა.

 

გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს. შეტევაზე მეტად, ფეხბურთელები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავდნენ. პირველი სახიფათო მომენტი კი, ლოკომ შექმნა, როცა საჯარიმოში შეჭრილმა კირკიტაძემ პერალესს მახვილი კუთხიდან დაურტყა და ააცილა. ამის შემდეგ, ლევან კორღალიძის გუნდი უფრო თამამად ათამაშდა. ორივე გუნდი ცდილობდა, გააზრებული, კომბინაციური შეტევებით მიეღწია შედეგისთვის.

 

პირველი ტაიმის 29 წუთი ისე მიილია, რომ კარის მიმართულებით მხოლოდ „ლოკომოტივს“ ჰქონდა დარტყმული. 30-ე წუთზე კი, ნინუას საჯარიმო დარტყმის მოგერიება ბულისკერიას მუშტებით მოუწია. ტაიმი კი, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. თამაში, ძირითადად, ცენტრში მიმდინარეობდა. თუმცა, გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს.

 

ლევან კორღალიძემ ცვლილებებს 77-ე წუთიდან მიმართა და სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე პირველი თორნიკე კირკიტაძე გამოჩნდა, რომელსაც ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. ლოკოს 22-ე ნომერი თამაშში აქტიურად ჩაერთო და გუნდს ზედიზედ ორი კუთხური მოუპოვა. სწორედ, თორნიკე კირკიტაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა, თუმცა, მცველებმა სიტუაცია განმუხტეს. ამასვე მოჰყვა მისი წამოწყებული შეტევა, რომელსაც გვალია აგვირგვინებდა და მასპინძლები ძელმა იხსნა. დამატებაზე კი, სიხარულიძემ კარს ზემოდან გადააცილა.

 

„დინამო“ შეტევაში დიდი ძალებით იყო წასული და ლოგიკურად, „ლოკომოტივს“ ხშირად ეძლეოდა კონტრშეტევების განხორციელების შესაძლებლობა. მატჩის ბოლო წუთებს, თითქოს, ლოგიკურად, მასპინძელთა შეტევებში უნდა ჩაევლო, მაგრამ პირიქით მოხდა და ლოკო უფრო და უფრო სახიფათოდ უტევდა. პირველ დამატებულ წუთზე, „დინამო“ გაშვებულ გოლს პერალესმა გადაარჩინა, როცა თორნიკე კირკიტაძე საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად ურტყამდა.

 

საბოლოოდ, მატჩის გმირად დამსახურებულად იქცა კირკიტაძე. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე, ლოკო კონტრშეტევაზე წავიდა. შეცვლაზე შემოსულმა დავით ჯიქიამ რბილი, მაღალი და გამოზომილი დარტყმით მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა კირკიტაძე, რომელმაც აკრობატულ ნახტომში ბურთი თავზე გადაუგდო კარიდან გამოსულ პერალესს და „ლოკომოტივმა“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დამსახურებულად მოიპოვა. ლევან კორღალიძის გუნდი 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე დამკვიდრდა.

 

 

დინამო თბ 0:1 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, გვალია, დ.კირკიტაძე (ჯიქია 90+1), სამურკასოვი (თ.კირკიტაძე 76), კომახიძე, სიხარულიძე (შეყილაძე 90+5)

 

გოლი: თორნიკე კირკიტაძე (90+4)

more news