ლოკოს დაბრუნება - მნიშვნელოვანი 3 ქულა

ლოკოს დაბრუნება - მნიშვნელოვანი 3 ქულა
04/10/2019

ლოკოს დაბრუნება - მნიშვნელოვანი 3 ქულა

ეროვნულ ლიგაში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება შეძლო. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისის „ტორპედო“ დამაჯერებლად - 2:0 დაამარცხა, 40 ქულა დააგროვა და ამდენივე ქულის მქონე ქუთაისური კლუბი ცხრილის მე-4 ადგილზე ჩაანაცვლა.

 

მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა, პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა, რომ თბილისელები გაცილებით უფრო ჟინიანად და აგრესიულად უტევდნენ. პირველი სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა ბექა დარცმელიამ მეტოქის მცველებს ბურთი მოპარა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ ბურთი უკვე ჩაწოლილ კვასხვაძეს გაარტყა. ამის შემდეგ იყო გაბაძის ფლანგური ჩაწოდება და ინჯგიას ეფექტური დარტყმის მცდელობა, რომელიც ისეთი არ გამოვიდა, როგორც მის შემსრულებელს სურდა.

 

ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა და თამაში, ფაქტობრივად, ქუთაისელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. 39-ე წუთზე, კირკიტაძემ ბურთი თავზე გადაუგდო კარიდან გამოსულ კვასხვაძეს და მცველმა კარის ხაზიდან გამოტანა შეძლო; დამატებაზე კი, ინჯგიამ ვეღარ ითამაშა.

 

გოლი კი, ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში გავიდა. უბილავას ფლანგურ ჩაწოდებას შორეულ კუთხეში კირკიტაძე დახვდა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

 

გატანილი გოლიდან ზუსტად 1 წუთში, ლოკომოტიველებს გოლის გატანის რეალური შანსი კვლავ შეექმნათ. მეკარესთან პირისპირ რეზი ინჯგია დარჩა, თუმცა, დარცმელიას ეპიზოდის მსგავსად, კვასხვაძემ თავისი გუნდი ამ შემთხვევაშიც გადაარჩინა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში, თამაში ცოტა ხნით შეჩერდა, რადგან ნიკა ჭანტურიას თავი გაუტყდა, როცა თავგანწირულ ორთაბრძოლაში ბურთი თავიდან ააცალა „ტორპედოს“ შემტევს და მოედანზე ექიმების შესვლა გახდა საჭირო.

 

54-ე წუთზე კი, კირკიტაძემ დუბლის შესრულება და თავისი გუნდის კიდევ უფრო დაწინაურება შეძლო. გვალიას საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთის ასაღებად კარიდან კვასხვაძე გამოვიდა, თუმცა, მას თავისივე მცველი - ცოტნე ნადარაია დაეჯახა და ბურთი გააგდებინა, რომელიც იქვე მყოფ კირკიტაძეს მიუვიდა და თბილისელთა ვინგერმაც მშვიდად შეაგორა ცარიელ კარში - 2:0.

 

მეორე გოლის შემდეგ, ლოკო ცოტა დამშვიდდა და სტუმრებს შეტევების განხორციელების საშუალება მიეცათ, თუმცა, შეუცდომლად და დამაჯერებლად თამაშობდნენ თბილისელთა დაცვა და საყრდენები. რეალური საფრთხის არარსებობის მიუხედავად, ბულისკერიას ერთხელ მაინც მოუწია თავისი კარის გადარჩენა, როცა ცოტნე მოსიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოიგერია.

 

„ტორპედოს“ უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა. ამით კი, მშვენივრად სარგებლობდნენ ლოკომოტიველები და სახიფათო იერიშებს ახორციელებდნენ. მესამე გოლის გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ დავით ჯიქიას, რომელიც კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ თავით ურტყამდა, თუმცა, პირდაპირ კვასხვაძეს ჩაუგდო ხელებში.

 

ლოკომოტივი 2:0 ტორპედო

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა (C), გაბაძე, შონია, გვალია, დარცმელია (სამურკასოვი 89), დ.კირკიტაძე, ინჯგია (შეყილაძე 83), სიხარულიძე (ჯიქია 81)

 

გოლები: კირკიტაძე (40, 54)

 

გაფრთხილება: შონია

more news