გიორგი ყიფიანი: გუნდის მთავარი მიზანი „ევროპის ზონაში“ დარჩენა იქნება

გიორგი ყიფიანი: გუნდის მთავარი მიზანი „ევროპის ზონაში“ დარჩენა იქნება
26/04/2020

გიორგი ყიფიანი: გუნდის მთავარი მიზანი „ევროპის ზონაში“ დარჩენა იქნება

კორონა ვირუსის პანდემიამ, საფეხბურთო კლუბების სპორტული და ფინანსური საქმიანობა მნიშვნელოვნად დააზარალა. იძულებითი პაუზისას, ყველა ცდილობს, ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოს. საფეხბურთო საქმიანობა დინამიური პროცესია და „ლოკომოტივიც“ ცდილობს, ტემპი არ დააგდოს და ჩემპიონატის განახლებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

რა გამოწვევებია კლუბის წინაშე, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი, რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი  და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს აკადემიაში, ამაზე „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი - გიორგი ყიფიანი გვესაუბრება.

 

 

  • შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა გამოწვევების წინაშე დგას კლუბი და რაში ხედავს მენეჯმენტი გამოსავალს?
  • ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ რეალობასთან ადაპტირება მოვახდინოთ; მაქსიმალურად მოვერგოთ არსებულ გარემოს და დავგეგმოთ როგორც სპორტული, ისე ადმინისტრაციული პროცესები. და ეს უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად, რადგან შემდეგ, როცა ჩემპიონატი განახლდება და ცხოვრებისა და მუშაობის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ეფექტურად შევძლოთ პროცესში ჩართვა.

რაც შეეხება ჩვენს დიდ გამოწვევას - უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს, უეფას ბოლო შეტყობინების თანახმად, ივლისის ნაცვლად, ტურნირი აგვისტოში დაიწყება და ამიტომ, სწორებას ამაზე ვაკეთებთ.

 

 

  • როგორია საფეხბურთო ვირტუალური ცხოვრება?
  • ასე ვიტყოდი, ვირტუალური ცხოვრება დღეს აუცილებლობა გახდა. ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური შოკი იყო ამხელა პაუზაზე გასვლა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად „მდიდარი“ გეგმა შეგვეთავაზებინა ჩვენი გუნდისთვის. ვახერხებთ ორჯერად ვარჯიშებს. ფეხბურთელებს აქვთ ინდივიდუალური პროგრამები, რომელიც მწვრთნელების მიერ მონიტორინგდება.

გაგიკვირდებათ და ამას ბევრი კარგი მხარეც აქვს. ბევრ ისეთ თვისებაზე მუშაობა არ ხერხდებოდა, რაზეც ახლა გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ფეხბურთელებს კონკრეტული პროფილით ვავითარებთ. გვჯერა, რომ ამ მეთოდით ჩვენ ასპროცენტიანი მზადყოფნით შევხვდებით ჩემპიონატის განახლებას.

 

 

  • მიმდინარე წლის ბოლომდე, რა იქნება „ლოკომოტივის“ მთავარი მიზანი?
  • ბუნებრივია, რომ წლის ბოლომდე, გუნდის მთავარი მიზანი იქნება 2019 წლის შედეგის გამეორება - ევროპის ზონაში დარჩენა.

თუმცა, ჯერ შევეცდებით, რომ წლევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაც შეიძლება შორს გავიდეთ და ვითამაშოთ ფლეი-ოფამდე. იქ მოხვედრის შემთხვევაში კი, ფაქტია, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს ბრძოლა. უადგილოდ ამბიციური განცხადებების გაკეთება არამართებული მგონია და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყველა თამაშის მოსაგებად გავალთ და ღირსეულად დავიცავთ გუნდის სახელსა და ფასეულობებს.

ზოგადად, რთული გზაა გასავლელი და უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც იმ მომენტისთვის კლუბს ექნება. ესაა ჩვენი ამოცანა.

 

 

  • როგორი იქნება „ლოკომოტივის“ აკადემიის დღის წესრიგი, პანდემიის დასრულების შემდეგ?
  • პირველი გუნდის მსგავსად, აკადემიის ფეხბურთელებიც აგრძელებენ ვარჯიშს; რა თქმა უნდა, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. ბუნებრივია, ქვედა ასაკობრივ ჯგუფებს უფრო ნაკლები დატვირთვა აქვთ. მაღალ ასაკებში კი, ხდება ვარჯიშების ონლაინ მონიტორინგი.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება და სიხარული იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არიან, რომ ხარისხიანად და თავდადებით აგრძელებენ საქმიანობას. მგონია, რომ სწორედ, ეს იქნება გადამწყვეტი კლუბის სამომავლო საქმიანობაში. 

more news