კვლავ ფრე, კვლავ ქულა
კვლავ ფრე, კვლავ ქულა
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩში, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამჯერად, ლოკომოტიველებმა ქულები „თელავთან“ გაიყვეს. გიორგი გაბაძის გოლით, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 81-ე წუთამდე იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, თბილისურმა კლუბმა მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო.
ნიკა ჭანტურიას და სანდრო გურეშიძის არყოფნაში, ლოკომოტიველთა დაცვის ცენტრში ანდრონიკაშვილი და ჯინჯოლავა თამაშობდნენ. შეტევაში კი, ირაკლი სიხარულიძეს კვლავ ვატო არველაძე შეუწყვილდა.
საწყისი 15 წუთი, ფეხბურთელებს მეკარეები ფაქტობრივად არ შეუწუხებიათ. კარში პირველად თემურ შონიამ, 21-ე წუთზე, საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, თუმცა, ბურთი კარის ცენტრში გაუშვა და თელაველთა მეკარეს მოგერიება არ გასჭირვებია. ამას მოჰყვა მეორე სახიფათო მომენტი, როცა ვატო არველაძის დარტყმა ძელმა მოიგერია. საბოლოოდ, გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.
მეორე ტაიმის პირველი წუთები, პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. „ლოკომოტივი“ ბურთს დიდხანს ფლობდა და პოზიციური შეტევებით ცდილობდა მეტოქის კართან საფრთხის შექმნას.
მე-60 წუთიდან, მოედანზე მამია გავაშელიშვილი გამოჩნდა და ლოკომოტიველთა შეტევებს ეს მაშინვე დაეტყო. სწორედ, გავაშელიშვილის მწვავე დარტყმას მოჰყვა კუთხური, რომლის შემდეგაც, გიორგი გაბაძემ ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში, „ლოკომოტივის“ მცველისთვის ეს პირველი გოლია.
70-ე წუთიდან, გიორგი ჭიაბრიშვილმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და მოედანზე ცოტნე კაპანაძე და რატი მჭედლიშვილი შემოუშვა. მჭედლიშვილისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო ლოკოს ძირითად გუნდში.
„ლოკომოტივმა“ გოლი მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე გაუშვა, როცა ირაკლი რუხაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო მამარდაშვილის კარის აღება.
მატჩის ბოლო წუთებმა „ლოკომოტივის“ შეტევებში ჩაიარა. თუმცა, გამარჯვების გოლის გატანა ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა ვეღარ შეძლეს.
ლოკომოტივი 1:1 თელავი (0:0)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (C), ჯინჯოლავა (გავაშელიშვილი 60), დარცმელია, შონია, სამურკასოვი, თ.კირკიტაძე, არველაძე (კაპანაძე 70), სიხარულიძე (მჭედლიშვილი 78)
გოლი: გაბაძე (61)
გაფრთხილება: შონია, არველაძე, გაბაძე
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი