ლევან კორღალიძე: ნახევარფინალში სუსტი გუნდები არ არიან
ლევან კორღალიძე: ნახევარფინალში სუსტი გუნდები არ არიან
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრამ გათამაშებაში მონაწილე გუნდები დააწყვილა. როგორც უკვე იცით, თბილისის „ლოკომოტივი“ ფინალის საგზურის მოპოვებას საგარეჯოს „გარეჯთან“ შეეცდება.
თბილისელები სტუმრად, საგარეჯოში ითამაშებენ. ნახევარფინალები 23 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი, ურთიერთობას „საბურთალო“ და „ტორპედო“ გაარკვევენ.
წილისყრის შედეგებისა და მეტოქის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა - ლევან კორღალიძემ.
„დავიწყოთ იმით, რომ ნახევარფინალში სუსტი გუნდები არ არიან. ამიტომ, ძალიან სერიოზული თამაში გველის და ჩვენც, შესაბამისად, მთელი სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. მე მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ და რაც გვინდა.
ყოველთვის რთულია ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში. მითუმეტეს, როცა გუნდი მხოლოდ ბუნებრივზე ვარჯიშობს და თამაშობს. ჩვენ თასის წინა ორი ეტაპი ხელოვნურზე ვითამაშეთ და საჭირო გამოცდილებაც მივიღეთ. ეს ისეთი თამაშია, რომ ჩვენთვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა არსებობდეს.
მე კარგად ვიცნობ „გარეჯს“, როგორც გუნდს და ასევე, კარგად ვიცნობ მათ მთავარ მწვრთნელს - ძალიან კარგ, ახალგაზრდა და პერსპექტიულ სპეციალისტს. იმედი მაქვს, რომ ფინალში ჩვენ ვითამაშებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვემზადებით რთული თამაშისთვის“ - ამბობს ლევან კორღალიძე.