მამების თასი 2019
მამების თასი 2019
გაეროს მოსახლეობის ფონდის - UNFPA საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციატივით, კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი - „მამების თასი“ წელს უკვე მესამედ ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წელს შესამჩნევად გაიზარდა. ამჯერად, ტურნირში მონაწილეობა 23-მა გუნდმა მიიღო. გუნდების მწვრთნელ მამებს წარმოდგენილი ჰყავდათ 8-12 წლის გოგოებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტებული გუნდები.
წელს, ტურნირის გამარჯვებული „ატლეტიკო“ გახდა. გუნდს ორგანიზატორებისგან სპეციალური თასი გადაეცა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდის წევრები 12 ოქტომბერს, საქართველო - ირლანდიის თამაშზე, ფეხბურთელებთან ერთად შეძლებენ მატჩის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებას.
რაც შეეხება „ლოკომოტივის“ საჩუქარს, გამარჯვებული გუნდის წევრები კლუბის აკადემიაში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ივარჯიშებენ.
„მამების თასი“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია. მისი მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.