ლოკომოტივი ქუთაისში, მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
ლოკომოტივი ქუთაისში, მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის, 21-ე ტურის გამოტოვებული მატჩი, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართა. 17 ოქტომბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ლოკოსა და ტორპედოს დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.
ტორპედომ მატჩის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტა. მე-4 და მე-8 წუთებზე, მასპინძელთა ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა.
მე-10 წუთზე თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა და ტორპედოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მეორე ნახევარში, ლოკომოტივმა ერთადერთი გოლის გატანა შეძლო. 77-ე წუთზე, თეიმურაზ შონიამ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-5 გოლი გაიტანა. ლოკოს ნახევარმცველმა ერთი ბურთი გიორგი გაბაძის პასით გაქვითა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ტორპედოსთან, ლოკოს მამია გავაშელიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ოლურემი შეცვალა და ტრავმის შემდეგ, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
ლოკოს მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა აკადემიის 19 წლამდე გუნდის წევრ ლევან გრძელიძეს. 18 წლის შემტევმა, 70-ე წუთზე ოთარ კობახიძე შეცვალა.
სხვადასხვა მიზეზით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს, ნიკა ჭანტურია, ზურიკო დავითაშვილი და რევაზ ინჯგია დააკლდა. ტრავმირებულია გუნდის კაპიტანი დავით უბილავა, რომლის ადგილი დაცვის მარცხენა ფლანგზე ირაკლი კომახიძემ დაიკავა.
28 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 32 ქულით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 21 ოქტომბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი დინამო არენაზე, 16:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე (კაპ), კომახიძე, შონია, ქურდაძე, გაბაძე, ძებნიაური, გვალია, არდაზიშვილი, კობახიძე (გრძელიძე 70), ოლურემი (გავაშელიშვილი 46), ჯიქია (ობეთელაშვილი 86)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
არბიტრი: პ. მაჭარაძე