ლოკომოტივმა სტუმრად, დინამო თბილისი დაამარცხა
ლოკომოტივმა სტუმრად, დინამო თბილისი დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა. 13 მაისს, დინამო არენაზე გამართული თბილისური დერბი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ერთადერთი გოლი, 29-ე წუთზე დავით ჯიქიამ, ოთარ კობახიძის გადაცემით გაიტანა.
დინამოსთან დაპირისპირებას, ლოკომოტივი რამდენიმე ცვლილებით შეხვდა. ძირითად შემადგენლობაში, პირველი მატჩი ჩაატარა ლუკა შეროზიამ. 20 წლის მეკარემ, ტრავმირებული რევაზ თევდორაძე შეცვალა.
შეროზიას, ლოკომოტივის ძირითად გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, როცა მარტვილის მერანის წინააღმდეგ, გაძევებული ლაზარე კუპატაძის ნაცვლად, მეორე ნახევარში ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა დავით ჯიქიაც, რომელმაც რომან ჭანტურიას ადგილი დაიკავა.
პირველი სახიფათო მომენტი ლოკომ შექმნა. მე-11 წუთზე, თორნიკე ძებნიაურის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა. მე-17 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. ბუდუ ზივზივაძის თავური დარტყმა, შეროზიამ კუთხურზე მოიგერია.
გატანა შეეძლო მამია გავაშელიშვილსაც, რომელმაც ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. მოედნის ცენტრში, მასპინძლებმა ბურთი დაკარგეს, ოთარ კობახიძემ ზუსტად ითამაშა და ერთი ფეხბურთელი მოატყუა, შემდეგ ჯიქია მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმაც მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ნახევრის დებიუტში, ჯიქიას დუბლის შესრულება შეეძლო. 47-ე წუთზე, მისი შორეული დარტყმა ძელს მოხვდა.
ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობას დინამო თბილისი დაეუფლა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტად მოქმედებდნენ.
61-ე წუთზე, თამაშში დავით ჯიქიას ნაცვლად ვატო არველაძე ჩაერთო. მალევე, ლაშა ჭაღიაშვილმა ოთარ კობახიძის ნაცვლად, მოედანზე რევაზ ინჯგია შეიყვანა. 17 წლის ფორვარდმა, ლოკოს მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ მან 19 წლამდე ლიგის მე-10 ტურში, 12 მაისს, გაგრას წინააღმდეგ სრულად ითამაშა და დუბლს ავტორი გახდა.
სამურკასოვის ნაცვლად, თამაშში ჩაერთო ლაშა გვალიაც, რომელმაც თამაში საყრდენის პოზიციაზე გააგრძელა.
მიმდინარე სეზონში, ლოკომოტივმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო მატჩს, ლოკო საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 16:30 წუთზე გაიმართება.
ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, ძებნიაური, შონია, სამურკასოვი (გვალია 72), კობახიძე (ინჯგია 79), გავაშელიშვილი, ჯიქია (არველაძე 61)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: ძებნიაური (35), ინჯგია (85)
არბიტრი: გ.ყრუაშვილი