ლოკომოტივი ევროპა ლიგას უახლოვდება!

ლოკომოტივი ევროპა ლიგას უახლოვდება!
26/10/2019

ლოკომოტივი ევროპა ლიგას უახლოვდება!

თბილისის "ლოკომოტივმა", შეიძლება ითქვას, რომ სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოიგო და შედეგად, კლუბს თითქმის უკვე გარანტირებული აქვს ჩემპიონატის მე-4 ადგილიდან ევროპა ლიგაზე მოხვედრა. გორის "დილასთან" პრინციპული ჯახი, ლევან კორღალიძის გუნდმა კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო. 

 

გუნდებმა თამაში ცოტა არეულად დაიწყეს. შესამჩნევი იყო ტექნიკური წუნი გადაცემებში. 20 წუთი ისე მიილია, კარში ერთი დარტყმაც არ ყოფილა. პირველად, ზუსტად კარში 28-ე წუთზე, სამურკასოვმა დაარტყა. ლოკოს ახალგაზრდა ნახევარმცველი შორიდან, ძლიერი და მოულოდნელი დარტყმით ცდილობდა ჩოჩიშვილის კარის აღებას, თუმცა, ბურთი კარის ცენტრში მდგომ მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. ბევრი იყო წვრილმანი ჯარიმები და თამაში ხშირად ჩერდებოდა, რაც დინამიკას აშკარად უკარგავდა.

 

პირველი რეალური მომენტი მასპინძლებმა, 43-ე წუთზე შექმნეს, როცა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, „დილას“ კარისკენ ირაკლი სიხარულიძე ურტყამდა თავით და გიორგი ჩოჩიშვილმა თავგანწირული ნახტომით იხსნა თავისი გუნდი. პირველ ტაიმში სულ ეს იყო. გუნდები შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავიდნენ. 

 

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში, „ლოკომოტივმა“ ანგარიშის გახსნა შეძლო. ლევან კორღალიძის გუნდმა კუთხურიდან კარგად დამუშავებული კომბინაცია გაითამაშა: დათო კირკიტაძემ სამურკასოვს დაუგორა, რომელმაც ბურთი ისევ კირკიტაძეს გაატანა; თბილისელთა სწრაფი ვინგერის სახიფათო ჩაწოდებულს კი, თემურ შონიამ შეაგება თავი და 1:0 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.

 

მეორე ტაიმში „ლოკომოტივის“ მიერ შექმნილი მომენტებიდან აღსანიშნავია კონტრშეტევაზე დავით უბილავას შორეული, უძლიერესი დარტყმა, რომელიც კარს ზემოდან მცირედით გადასცდა. აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შემოსული ბექა დარცმელია, რომელმაც თბილისელთა შეტევებს მეტი სიმწვავე შემატა.

 

საბოლოოდ, გორელებს ძალა აღარ ეყოთ მასირებული შეტევებისთვის. მასპინძლები კი, ბურთს კარგად იჭერდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა ლევან კორღალიძის გუნდს მორიგი და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ოფიციალურად გაუფორმა. „ლოკომოტივმა“ უახლოეს მდევართან - „ტორპედოსთან“ ქულათა სხვაობა 6-მდე გაზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროპალიგის ზონას.

 

 

ლოკომოტივი 1:0 დილა

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, გვალია, დ.კირკიტაძე (თ.კირკიტაძე 79), სამურკასოვი (დარცმელია 71), კომახიძე, სიხარულიძე (ჯიქია 89)

 

გოლი: შონია (49)

more news